პრეზიდენტი – პროკურორებს: "თქვენ დიდი წვლილი უნდა შეიტანოთ სამართლიანობის აღდგენაში"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროკურორებს პროფესიული დღე მიულოცა და ოთხი პროკურორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„დღეს ჩვენ პროკურატურის დღეს აღვნიშნავთ და ამით ვაცხადებთ, თუ რამდენად დიდია პროკურორების როლი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს პროფესიული დღესასწაული და გისურვოთ პროფესიული წარმატებები. თქვენ გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობა იმისა, რომ პროკურორის პროფესიას საბოლოოდ ჩამოაშოროთ ის დაღი, რომელიც დაესვა საბჭოთა პერიოდში, რომელმაც უახლოეს ისტორიაში საზოგადოებაში კიდევ ერთხელ შემოიტანა შიში. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი შესაძლებლობა, რათა გახდეთ ისეთი პროკურორები, როგორიც სჭირდება დემოკრატიული სახელმწიფოს, სახელმწიფოს, რომელიც დგას კანონის უზენაესობასა და სამართლიანობაზე. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ტვირთი, რამეთუ საზოგადოება თქვენგან ელოდება ყველა იმ მტკივნეული საკითხის გადაწყვეტას, რომელიც ამძიმებს ჩვენს ცნობიერებას. თქვენ დიდი წვლილი უნდა შეიტანოთ სამართლიანობის აღდგენაში. თქვენს საქმიანობაში აუცილებელია მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმი და რაც ყველაზე მთავარია, სინდისი",- მიმართა სალომე ზურაბიშვილმა პროკურორებს. 

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში საქართველოს პროკურატურის როლს და „ევროჯასტთან“ ურთიერთობის მნიშვნელობას:

„დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებელობის გზაზე დანაშაულის და კერძოდ ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ძლიერი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. იმედი მაქვს, რომ ამაში დაგვეხმარება ევროკავშირის სააგენტოსთან, „ევროჯასტთან“ ცოტა ხნის წინ დადებული შეთანხმება".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp