სასულიერო პირი „ქართული ოცნების“ დეპუტატის „პოსტს“ ეხმიანება

დეკანოზი თამაზ ლომიძე ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნანა კოსტავას „პოსტს“ ეხმიანება.

“ამან არ იცის ეტყობა ღმერთის საშინელი კანონი: რომელი საზომითაც გაზომავთ სხვა ადამიანს, ისეთივე საზომით გაგზომავთ ღმერთი! (მთ. 7,2). როგორ ვუსურვოთ, რომ ამის შემდეგ ასეთივე სასტიკი საზომით გაზომოს უფალმა მისი ყველა სიტყვა, ფიქრი და საქმე?! მართლაც საცოდავია ამ ცნობიერების ადამიანი, მაგრამ უფრო საცოდავია ის ხალხი, ვინც დაუშვა, რომ ეს მათი საკრებულოს დეპუტატი იყოს”, – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ლაგოდეხში 16 წლის გარდაცვლილი გოგოს დის, სალომე ბარკერის ფოტო წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”. 

მოგვიანებით, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი ტრაგედია.

აღსანიშნავია, რომ ნანა კოსტავასთვის  ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. კერძოდ, 2017 წლის 23 თებერვალს, მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ დაახლოებით, იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რაც დღეს. 

"შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად," - წერდა მაშინ კოსტავა.


 

ახალი ამბები