სააკაშვილი – საქართველოში ექსტრადირებაზე: „უნდა ბიჭს რომ ჩავიდე? რა პრობლემაა“

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მისი ექსტრადირების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ „საოცარ პანიკაშია". 

„მთელი მისი ეს ჯოგი არის საოცარ პანიკაში, ისტერიკაში და ახლა თავის ჭკუით მოიფიქრა, როგორ დააწყნაროს ესენი. ეს არ უშველით, იმიტომ, რომ ეს აუხდებათ, რასაც მოისურვებენ, მიეცემათ. ჩემი ჩასვლა უნდათ? აუცილებლად მიეცემათ, მაგის გარანტიას ვაძლევ. მე ჯერ–ჯერობით ყველა ჩემს დაპირებას ვასრულებ. აქ ხომ ვთქვი, რომ ჩამოვალ-თქო, ჩამოვედი. ვამბობ, იქ ჩავალო, იქაც ჩავალ და ძალიან მალე... უნდა ბიჭს, რომ ჩავიდე? რა პრობლემაა. მე აგერ ვარ და დავაკმაყოფილებ ამ სურვილს", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ არერთხელ დაადასტურა, რომ თავისი მოქალაქეების ექსტრადირებას არ ახდენს.

„ვერ გავიგე, უკრაინა დაბალი ღობე ჰგონია ივანიშვილს? ჰოლანდიის მუდმივი მცხოვრებელი რომ ვარ და ჰოლანდიური დოკუმენტებით რომ გადავაადგილდები მსოფლიოში, ჰოლანდიას რატომ არ გაუგზავნა მოთხოვნა ექსტრადირების თაობაზე? უკაცრავად, ეს ის ივანიშვილი ხომ არ არის და პროკურატურა, რომელიც წელიწადის თუ წელიწადნახევრის წინ მუხლებზე დავარდნილი ეხვეწებოდა პოროშენკოს, რომ შენი ჭირიმე, არ გადმოსცე საქართველოსო და საქართველოს ყველა აეროპორტი დაკეტა იმ პერიოდში, როცა კიევიდან აფრინდა ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც ქვეყნიდან ჩემს დეპორტაცია მოხდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველო სააკაშვილის ექსტრადირებას ისევ ითხოვს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა დაუბრუნა. სააკაშვილი უკრაინაში გუშინ ჩავიდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp