ქუთაისელმა ჟურნალისტებმა "ქართული ოცნების" დეპუტატს ბოიკოტი გამოუცხადეს

ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებები ქუთაისის საკრებულოს წევრ ნანა კოსტავას ბოიკოტს უცხადებენ. ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ერთობლივი განცხადებით გმობენ საკრებულოს დეპუტატის სიძულვილის შემცველ განცხადებებს და თვითმმართველ ორგანოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენთვის სიძულვილის ენით საუბარი დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ვგმობთ "ფრაქცია ქართული ოცნება -კონსერვატორების თავმჯდმარის“ ნანა კოსტავას ბოლო დროს გაკეთებულ ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და დეპუტატს ბოიკოტს ვუცხადებთ. ნანა კოსტავას აღარ მიეცემა საშუალება გამოიყენოს ქუთაისში არსებული საინფორმაციო პლადფორმა. მოვუწოდებთ საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

პარალელურად ქუთაისის საკრებულოსთან კოსტავას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის მიუღებელია საკრებულოს წევრის იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც სიძულვილის ენას იყენებს. მათი თქმით, ნანა კოსტავამ თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. 


"დატოვოს თანამდებობა ნანა კოსტავამ!", "კოსტავა საკრებულოს სირცხვილი!", "ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე! - მსგავსი შინაარსის ბანერები მიიტანეს აქციაზე მოქალაქეებმა. 

ცნობისთვის: ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ლაგოდეხში 16 წლის გარდაცვლილი გოგოს დის, სალომე ბარკერის ფოტო წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”. 

მოგვიანებით, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი ტრაგედია.

აღსანიშნავია, რომ ნანა კოსტავასთვის  ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. კერძოდ, 2017 წლის 23 თებერვალს, მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ დაახლოებით, იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რაც დღეს. 

"შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად," - წერდა მაშინ კოსტავა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი