ანკარაში 74 ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ანკარაში სასამართლომ 2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის 74 სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა,- ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. 

გასამართლებულთა შორის რამდენიმე სამხედრო მფრინავია, რომლებიც დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ სამხედრო ხელმძღვანელობის განკარგულების გარეშე, ვერტმფრენებიდან ანკარაში პრეზიდენტის რეზიდენციაზე, ასევე პარლამენტის შენობასა და პოლიციის მთავარ სამმართველოზე იერიშს გეგმავდნენ.

სასამართლომ დაადგინა, რომ ამბოხებულებმა მძევლად აიყვანეს თურქეთის გენშტაბის მაშინდელი უფროსი ჰულუსი აკარი, რომელიც ამჟამად თურქეთის ეროვნული თავდაცვის პოსტს იკავებს.

სულ ანკარას სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებული 152 პირის საქმე განიხილა. 74 მსჯავრდებულიდან, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, 56 სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის. კიდევ 45 ბრალდებულს 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 31 დაკავებულის საქმეზე სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი კი გრძელდება.

2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 77 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. 150 ათასი სახელმწიფო მოხელე და სამხედრო კი სამსახურიდან დაითხოვეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp