“ერთმორწმუნე” რუსეთი ლონდონს მოუწოდებს, “თბილისს სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭიროს”

მორიგი მტკიცებულება საქართველოში მოქმედი იმ ძალების ყალბი ნარატივის წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ, დასავლეთი საქართველოსთვის მტრად წარმოაჩინონ, ხოლო რუსეთი - “ძლიერ ერთმორწმუნე ძმად”: რუსეთი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, “თბილისს სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭიროს”.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტით მიმართა, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:

“საქართველოს მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში განსახილველად “შიდა გადაადგილებული პირების, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან/საქართველო დევნილების მდგომარეობის შესახებ” რეზოლუციის პროექტის შეტანა კონტრპროდუქტიულია. მსგავსი ინიციატივების ლობირებისას თბილისი ჰუმანიტარულ პრობლემატიკას იყენებს და სპეკულირებს იმ ქართველებით, აფხაზებით, ოსებითა და სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებით, რომლებიც საქართველოს მიერ აგრესიული და ნაციონალისტური პოლიტიკის გატარების შედეგად დაზარალდნენ, მათ შორის – 2008 წელს. სრულიად მიუღებელია, რომ რეზოლუციის ქართულ პროექტში, საერთაშორისო სამართლის რეალიების საწინააღმდეგოდ, მოყვანილია თეზისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, როგორც საქართველოს კუთვნილების შესახებ. ეს ინიციატივა ანადგურებს ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების  - სადღეისოდ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის მოლაპარაკებათა ერთადერთი არსებული ფორმატის ეფექტურობას: თბილისის გამუდმებული მცდელობების ფონზე, დევნილების საკითხები განსახილველად გაერო-ს პლატფორმაზე გაიტანოს, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოდგენილები არ არიან და, შესაბამისად, საკუთარი არგუმენტაციის წარმოდგენის საშუალება არ აქვთ, სოხუმი და ცხინვალი საფუძვლიანად აცხადებენ უარს ამ საკითხების ჟენევაში განხილვაზე. დღემდე ლონდონი გენერალურ ასამბლეაში საქართველოს წამოწყებებს მხარს უჭერდა, - როგორც ჩანს, თვლიდა რა ამას როგორც დამოუკიდებელ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ისე ჩვენს ქვეყანაზე - რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად. ვიმედოვნებთ, დიდ ბრიტანეთში აცნობიერებენ, რომ მსგავსი “ზეწოლა” უშედეგოა და მხოლოდ ართულებს სამხრეთ კავკასიაში დევნილების პრობლემის გადაწყვეტას” - ნათქვამია დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მიერ წარდგენილ ნოტაში.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp