სკოლებში ფინანსური განათლების კომპონენტსაც შეისწავლიან

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან საბაზო საფეხურის (მეშვიდე, მეცხრე კლასები) მოსწავლეები სამოქალაქო განათლების კუთხით, ფინანსური განათლების კომპონენტსაც შეისწავლიან,  რომელიც მათთვის ყველა საკვანძო მნიშვნელოვან და ფინანსურ საკითხს მოიცავს.

შესაბამისი კურიკულუმი განათლების სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თანამშრომლობით უკვე შემუშავდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, „ადრეული ასაკიდან ფინანსური განათლების შესწავლა ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს ისეთი ცოდნისა და უნარების განვითარებაში, რაც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. ადრეული ასაკიდან ფინანსური განათლების მიწოდების საჭიროებას საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს.”

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარების სამომავლო პერსპექტივები და სამოქმედო გეგმა დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ.

ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის მეოთხე სხდომაზე კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური განათლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, ფინანსური განათლების პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო, ფინანსური განათლების პროექტები, სასწავლო მასალები და ფინანსური განათლების ძირითადი კომპეტენციების ჩარჩო.

სამინისტროს ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის შემუშავება, უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ მიზნით შეხვედრები და კონსულტაციები კომიტეტის თითოეულ წევრთან გაიმართა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp