მამუკა ბახტაძე: „საპარტნიორო ფონდის“ ბიზნეს–მოდელი არაეფექტური და შესაცვლელია“

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, "საპარტნიორო ფონდის" ბიზნეს–მოდელი არაეფექტური და შესაცვლელია.

“საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობამ ეს ყველაზე კარგად იცის, რომ ეს მოდელი შესაცვლელია. დიახ, მე ვადასტურებ ამას არაფერია გასაკვირი. იმიტომ, რომ სხვებისგან განსხვავებით ჩემს განცხადებებს ციფრებზე და ბიზნეს–მოდელებზე დაყრდნობით ვაკეთებ. დიახ, ის არის არაეფექტური და შესაცვლელი. ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ეს მოდელი შეიცვლება”, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

ცნობისთვის: 2017 წელი საპარტნიორო ფონდმა 481 მლნ ლარიანი ზარალით დახურა. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე განმარტავს, რომ ფონდის 481 მილიონიან ზარალს ის კომპანიები განაპირობებენ, რომელთა მმართველობაშიც მისი სტრუქტურა არ იღებს მონაწილეობას.

"საპარტნიორო ფონდი" 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების მომგებიანი მართვისთვის შეიქმნა, მასში უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიები - რკინიგზა, გაზის და ნავთობის კორპორაცია და სახელმწიფო ელექტროსისტემაა გაერთიანებული. 

დავით საგანელიძე ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა. გასულ წელს მან თანამდებობრივი სარგოს სახით 294 000 ლარი მიიღო. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp