დავით კირკიტაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა. კირკიტაძეს სასჯელის ზომად ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მან 16 დეკემბრის მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ მას ერთადერთი მიზანი ქონდა – მომიტინგეებისთვის გაეთავისუფლებინა გზა:

„გნებავთ ავტობუსი დაგიყენოთ წინ, გნებავთ ეროვნულ ბანკი და გნებავთ ეკონომიკის სამინისტრო, უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ, რაც შეხება იმ კონკრეტულ ინციდენტს, რომელიც 16 დეკემბერს მოხდა, ჩემი მოქმედება იყო ერთადერთი მიზნისკენ, რათა გამეთავისუფლებინა გზა მომიტინგეებისთვის, რათა თელავში ჩასულიყო ხალხი, რომელიც მიდიოდა უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად, მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ ეს მოქმედება უკანონოდ აღკვეთა კონსტიტუციური უფლება, გადაადგილების უფლება, მაინც გულწრფელად ადამიანურად ძალიან ვწუხდი, რომ დაპირისპირება მოხდა ჩემსა და პოლიციელს შორის იმიტომ, რომ პოლიციელის პრესტიჟზე ჩვენ ძალიან ვზრუნავთ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომელიც პოლიციას აყენებენ იმ მდგომარეობაში, რომ საზოგადოებასთან დაპირისპირებაში შევიდნენ”.

დავით კირკიტაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არის აღძრული, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, დავით კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო 2018 წლის 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა. ამ დროს ის თანაგუნდელთან, ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp