გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდის გზის განსახლების სამოქმედო გეგმა რუსთვისა და მარნეულის მოსახლეობას გააცნო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ქ. რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რუსთავი-წითელი ხიდის გზის პროექტის განსახლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი პროცედურები გააცნეს. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებს ინფორმაცია მიეწოდათ განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციის შესახებ. რუსთავი-წითელი ხიდის გზა ქალაქ რუსთავსა და მარნეულის მუნიციპალტეტზე გაივლის.

პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ყველა ადამიანი, განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად მიიღებს სხვადასხვა სახის დახმარებას.

ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებს ინფორმაცია მიეწოდათ პროექტის განხორციელების გრაფიკის შესახებ და კონსულტაციები მიიღეს მიწის შეძენის პრინციპებისა და აქტივების გამოსყიდვის თაობაზე. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა კითხვები დაესვათ მათთვის საინტერესო საკითხებზე და ამომწურავი პასუხები მიეღოთ ყველა თემაზე.

რუსთავი-წითელი ხიდის 31 კმ-იანი გზა, საქართველოს მთავარი საგზაო მაგისტრალის აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის ნაწილია და აზერბაიჯანის საზღვრამდე მიდის. რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს.  

თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, ჩქაროსნული გზის მშენებლობის დასრულების შემდგომ სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი. ახალი 4 ზოლიანი გზა შემხვედრი მოძრაობის გარეშე, უსაფრთხოების და ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით აშენდება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარება უმნიშვნელოვანესია, როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ასევე რეგიონში საქართველოს პოზიციების გაუჯობესებისათვის, როგორც მიმზიდევლი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, მზარდი ტურისტული ნაკადის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.  პროექტის განხორციელების ვადები 2020-2022 წლებია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp