„პრობლემაა ბავშვებთან გამკლავება საკლასო ოთახში, უფრო რთულია მათ მშობლებთან ურთიერთობა“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, პრობლემაა ბავშვებთან გამკლავება საკლასო ოთახში, უფრო რთულია მათ მშობლებთან ურთიერთობა. 

ამის შესახებ შუკაკიძემ, edu.aris.ge–ს ცნობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 300-მდე მასწავლებელი ესწრებოდა. 

„საგნის განსაკუთრებულობა გამომდინარეობს ჩვენი ისტორიული წარსულიდან, ჩვენ გვჭირდება ავტორიტეტები პატარა თემში, სკოლაში, რაიონში, გვჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც რაღაცას შეცვლიან. სხვათა შორის, ეს ბავშვები, შეიძლება იქცნენ ცვლილებების აგენტებად თავიანთ შინა მეურნეობებში. ჩვენ, ვინც განათლების სისტემაში ამდენი წელი ვმუშაობთ, ვიცით, რომ ერთი პრობლემაა ბავშვებთან გამკლავება საკლასო ოთახში, მეორე, უფრო რთულია მათ მშობლებთან გამკლავება, ეს არის პრაქტიკულად შეუძლებელი. მოსწავლეს კიდევ რაღაცას გააგებინებ, ითანამშრომლებ, მაგრამ მშობელთან თანამშრომლობა პრაქტიკულად შეუძლებელია. არიან მშობლები, რომლებიც ხშირად დადიან და ნერვებს გვიშლიან, არიან მშობლები, რომლებიც საერთოდ არ დადიან, გენიოსები რომ ჰყავთ და ზარმაცები, ნუ ეს ისედაც ვიცით. თქვენი საგნის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს და ვიტყვი, რომ ის რასაც თქვენ აკეთებთ, არის რაც დღეს გვჭირდება, მე არ ვამბობ, რომ ფიზიკა და ქიმია არ გვჭირდება, მაგრამ იმისათვის, რომ დემოკრატიულ ქვეყანად ვიქცეთ და დასავლურ ღირებულებებს ვეზიაროთ და შევცვალოთ ძველი თაობები ჩემი თაობის ჩათვლით, ამისთვის გვჭირდება მეტი სამოქალაქო აქტივობა“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ სიტყვით გამოსვლისას.

2019 წლის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ყოველწლიურ ღონისძიებაზე რეგიონების  მიხედვით, სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს. კონფერენცია-გამოფენა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური უზრუნველყოფით ჩატარდა.

სექტემბრიდან მე-7 კლასს ახალი საგანი – „მოქალაქეობა“ დაემატება

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp