მასობრივი მკვლელობა აშშ–ში [video]

აშშ–ში, ვირჯინია ბიჩის მუნიციპალურ შენობაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 12 ადამიანი, 4 - დაშავდა.

გამოძიებას თავდამსხმელის ვინაობა ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა ცნობილია, რომ ის კომუნალური სამსახურის თანამშრომელი იყო. თავდასხმის სავარაუდო მიზეზად მისი უკმაყოფილება სახელდება.

თავდამსხმელი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

თავდასხმას მერმა ქალაქის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი შემთხვევა უწოდა. 

სროლის ხმა ატლანტის ოკეანის სანაპირო ქალაქ ვირჯინია ბიჩის მუნიციპალურ შენობაში საღამოს 4 საათზე გაისმა. დაზარალებულთა შორის არის პოლიციის ოფიცერიც, თუმცა, როგორც სამართალდამცველებმა თქვეს, ის ჯავშანჟილეტმა იხსნა.

„მსხვერპლი შენობის სამივე სართულზე აღმოვაჩინეთ. ასევე ერთი ცხედარი შენობის გარეთ, მანქანაში იყო. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება, სწრაფად მოვახდინოთ შენობაში მყოფი ყველა ადამიანის იდენტიფიცირება, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს. რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. დადგენილია თავდამსხმელის ვინაობაც. მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება და ორმხრივი სროლა საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა,“ - განაცხადა ვირჯინია ბიჩის პოლიციის უფროსმა ჯიმ სერვევამ.

მომხდარის შესახებ საქმის კურსში სასწრაფოდ ჩააყენეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. შტატის სენატორმა თიმ ქეინმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ზეწოლას კონგრესზე, რათა იარაღით ძალადობა თავიდან აცილებული იყოს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp