ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, საპროექტო, გზის გაწმენდითი, სტიქიის სალიკიდაციო და პრევენციის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სტიქიის მომენტიდან, მძიმე ტექნიკა და ყველა საჭირო რესურსი ადგილზე იყო მობილიზებული, რის შედეგადაც, მიუხედავად სტიქიის მასშტაბისა, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-9 კმ-ზე, გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება და მოძრობის აღდგენა ერთ კვირაში მოხერხდა. დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად, სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე კომპანია აწარმოებს. 

აღსანიშნავია, რომ მეცხვარეებს საფეხმავლო ბილიკებით თუშეთისკენ გადაადგილება 20 მაისიდან შეუძლიათ.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ორივე მხრიდან გრძელდება თოვლის წმენდისა და ზამთრის პერიოდში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები. პარალელურად, 2 საპროექტო ჯგუფი მუშაობს სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად. პროექტირება 3 კვირაა გრძელდება და შემდეგი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება საპროექტო გადაწყვეტების წარმოდგენა.  პროექტის წარმოდგენისთანავე დაიწყება სტიქიის პრევენციის, ნაპირსამაგრი და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ამ დროისთვის სულ 10-მდე პრობლემური მონაკვეთია იდენტიფიცირებული.

რაც შეეხება, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრის შედეგად ჩამოყალიბებულ ტბას, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, კვლავ გამოწვევად რჩება. აღნიშნულ მონაკვეთზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად, ივნისის თვეში გამოცხადდება ტენდერი პროექტირებაზე.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო. რის გამოც, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp