რუსული პროპაგანდა ცდილობს, ინგუშეთის საპროტესტო მოძრაობა საქართველოდან მართულად წარმოაჩინოს

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ინგუშეთის დედაქალაქ მაგასსა და სხვა მსხვილ დასახლებულ პუნქტებში რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან გასვლისა და საქართველოსთან მიერთებისკენ მოწოდებების შემცველი “ანტისახელმწიფოებრივი” პროკლამაციები ვრცელდება. 

„მივმართავთ საქართველოს ხელმძღვანელობას და მსოფლიო თანამეგობრობას, მხარი დაუჭირონ ჩვენს არჩევანს და მიიღონ ინგუშეთი საქართველოს შემადგენლობაში, ასევე განახორციელონ პასპორტიზაცია საქართველოს ან „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია და იტალია) შიდა პასპორტებით“, – ნათქვამია, რუსული მედიის ინფორმაციით, პროკლამაციებში, რომელიც მაგასსა და სხვა ინგუშურ ქალაქებში ვრცელდება. 

თავად ინგუშეთის ლიდერ იუნუს-ბეკ ევკუროვის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ორგანიზატორები ამ მოწოდებებთან კავშირს უარყოფენ.

“სავარაუდოდ, საქმე გვაქვს რაღაც ახალი რადიკალური ძალების გამოჩენასთან, რომლებიც მზად არიან, ჩვენგან განსხვავებულ, სხვა ფორმატში გამოვიდნენ ინგუშეთის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ინგუშეთის ოპოზიციის ინტერნეტ–რესურსს «Фортанга. Орг»–ზე გამოქვეყნდა. 

თუმცა როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია აღნიშნავს, არსებობს არაერთი ფაქტი, რომელიც საპირისპიროზე მეტყველებს.

“ინგუშ ნაციონალისტებს შორის მრავლად არიან არაქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდებით სახელგანთქმული სამხედრო დამნაშავის – შემდგომში პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას თაყვანისმცემლები. „ზვიადი გრძნობდა ინგუშებისა და კავკასიის ყველა ხალხის ტკივილს, იგი იბრძოდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის დამოუკიდებლობისთვის“, – განუცხადა 2014 წელს ქართულ მედიას გამსახურდიას მეგობარმა, თბილისის საპატიო მოქალაქემ, ინგუშმა მწერალმა ისა კოძოევმა. მიმდინარე წლის აპრილში ინგუშური ოპოზიციის პროტესტს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომიმართვით ღიად დაუჭირა მხარი ყაბარდო–ბარყარელმა საზოგადო მოღვაწემ იბრაგიმ იაგანოვმა, რომელიც ცნობილია ჩრდილოეთ კავკასიაში „ქართული სასწაულის“ პროპაგანდირებით, უპირისპირებს რა ქართულ გამოცდილებას კავკასიაში რუსეთის „იმპერიალისტულ კორუფციულ პოლიტიკას“. 2008–2009 წლებში იაგანოვი თბილისში იყო ჩასული და იმჟამინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხვდებოდა. 2018 წლის ოქტომბერში იაგანოვი ყაბარდო–ბალყარული უფლებადამცველი ცენტრის ხელმძღვანელ ვალერი ხატაჟუკოვთან ერთად მაგასში ოპოზიციის მიტინგზე სიტყვითაც გამოვიდა. 2011 წელს კი, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის მოქმედების „ჩერქეზების გენოციდად“ აღიარებას, ხათაჟუკოვმა და იაგანოვმა ამას მაღალი შეფასება მისცეს. ამასთან, მიმდინარე წლის მარტში მაგასში არეულობებით დასრულებული მიტინგის წინა პერიოდში საპროტესტო მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი ახმედ ბარახოევი ასევე ჩასული იყო საქართველოში. გარდა ამისა, სოციალური ქსელების ჯგუფებში, სადაც ინგუში ოპოზიციონერები არიან გაწევრიანებულები, სულ უფრო ხშირად ჩნდება საქართველოს მადიდებელი „პოსტები“. საპროტესტო მოძრაობაში ჩაბმული ინგუშებისთვის თანამედროვე საქართველო ისტორიული ოპონენტია ჩრდილოეთ ოსეთისა, რომელსაც ინგუში ნაციონალისტები ინგუშური მიწების „ოკუპანტ რესპუბლიკად“ მიიჩნევენ“, – წერს რუსული პროპაგანდისტული მედია. 

თავად იბრაგიმ იაგანოვი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას კატეგორიულად უარყოფს, ხოლო სააკაშვილისა და საქართველოსადმი ინტერესს ასე ხსნის: 


„ამაყი ვარ მიხეილ სააკაშვილთან ნაცნობობით. ვცდილობდი, შემესწავლა მისი გამოცდილება, ყველაფერი ის, რაც მან 10 წლის განმავლობაში საქართველოში გააკეთა, რადგან ეს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სააკაშვილმა მოკლე დროის განმავლობაში შეძლო საქართველოს ვაქჰანალიიდან გამოყვანა და სამართლებრივ სახელმწიფოდ ქცევა, რაც შეეხება იმას, რომ კავშირი მაქვს პერსონებთან, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ვიტყვი, რომ თავის ხელმძღვანელობას სადღეისოდ რუსეთის მოქალაქეების პრაქტიკულად 80% აკრიტიკებს. ძალიან მინდა, ვიცხოვროთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც თითოეული ჩვენგანის უფლებები და თავისუფლებები იქნებოდა დაცული, თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთში ავტორიტარული რეჟიმი გრძელდება“. 

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე აღნიშნულს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ინგუშური საპროტესტო ტალღის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. 


როგორც კვახაძემ „აქცენტს“ განუმარტა, ინგუშურ პროტესტს გულშემატკივრები აღმოაჩნდა მთლიანად რუსეთის ოპოზიციურ საზოგადოებაში და, შესაბამისად, გაჩნდა „საფრთხე”, პროტესტმა ფედერაციის მასშტაბით ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. 

„თვალს ვადევნებ ინგუშეთში მიმდინარე მოვლენებს, დარეგისტრირებული ვარ ჯგუფში, რომელშიც პროტესტის ორგანიზატორთა მიერ ყველა სიახლე ქვეყნდება და იქ მსგავსი არაფერი ყოფილა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი რუსეთის შიდა მოხმარებაზეა გათვლილი, რათა ხალხის რეალური განწყობა “მტრული სახელმწიფოების სპეცსამსახურების მიერ მართულ პროტესტად” წარმოაჩინონ. წინააღმდეგობამ არნახული მასშტაბი მიიღო, რუსეთის ფედერაციისთვის უპრეცედენტო მობილიზაცია დაფიქსირდა; მას მკაფიოდ დაუჭირა მხარი რუსეთის ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ; ბევრმა აღნიშნა, რომ სწორედ ესაა მაგალითი, როგორ უნდა მოხდეს რუსეთში ანტიპუტინური პროტესტის მობილიზება. რუსეთის ლიდერებმა პროცესი საფრთხედ აღიქვეს, რადგან მან შესაძლოა, ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ დაიწყეს პროტესტის შიდა დონეზე დისკრედიტაცია, საქმის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ამ ხალხს სამართლიანი მოთხოვნა კი არ აქვს, არამედ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა. ვფიქრობ, შემდეგი ჯაბიჯი ამ პროტესტის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირების მცდელობა იქნება და შესაბამისი ბუკლეტებიც გავრცელდება“,– ამბობს კავკასიოლოგი. 

მისი ხედვით, არც საქართველოა შემთხვევით შერჩეული: 

„რუსეთის სპეცსამსახურებმა იციან, რომ ინგუშეთსა და საქართველოს შორის ძალიან თბილი ურთიერთობაა. მიუხედავად რუსული პროპაგანდის ინტენსიური მუშაობისა, მან ვერც აფხაზეთის და ვერც ცხინვალის კონფლიქტში შეძლო ინგუშეთიდან ე.წ. ბოევიკების მობილიზება. ინგუშები ხალხის დონეზეც კი მკაფიოდ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“. 

პროკლამაციების გავრცელების მიზნებთან დაკავშირებით ანალოგიური მოსაზრება აქვს კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილსაც. 


„ადრეც რამდენჯერმე გაიჟღერა საქართველოსთან მიერთების იდეამ, თუმცა რაიმე პოლიტიკურ ერთობაზე სერიოზული მსჯელობა და საუბარი არასდროს ყოფილა, მით უფრო დღევანდელი რუსეთის პირობებში ამაზე საუბარიც ზედმეტია. გამოვრიცხავ, რომ საქართველო იყოს პროცესში ჩართული, ან აგულიანებდეს პროტესტის ორგანიზატორებს. პირიქით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, წინასგან განსხვავებით, ზედმეტად ფრთხილია ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, თავის დროზე მოსკოვიდან იყო თხოვნა „ქართული ოცნების“ მიმართ, წინა ხელისუფლების დროს გატარებული აქტიური პოლიტიკა შეეწყვიტა და ასეც მოხდა. შესაბამისად, საქართველოსთვის ამ კუთხით რაიმეს დაბრალება სრული სისულელეა და არც პერსპექტივა აქვს” - განუცხადა “აქცენტს” კანაშვილმა. 

ამასთან, მისი აზრით, ეს და სხვა მაგალითები საქართველოს ხელისუფლებისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს: 

“ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიური განწყობებია, არის ისტორიული კავშირები და ა.შ., რასაც არ ვიყენებთ, არაფერს ვაკეთებთ, რაც სრულიად არასახელმწიფოებრივია, რუსეთი კი ყოველთვის ცდილობს და ეცდება ჩრდილოეთ კავკასიის ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებას“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჯაფარიძე - პროკურატურას: "ველით, რომ შეასრულებენ სამსახურეობრივ მოველეობას"