მართვის მოწმობის აღების ახალი წესები: შსს-ს განმარტება

მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, 18 წელი გახდება, – შესაბამისი ცვლილებები შსს–ს ავტორობით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარე წელს მოხდება ასევე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩატარება, როგორც რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში, ასევე დახურულ საგამოცდო მოედანზე.

შს სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვება ხდება 20 ლარი, ნაცვლად 40 ლარისა. ამასთან, პრაქტიკულ გამოცდაზე თითოეული ეტაპის საფასური დგინდება დამოუკიდებლად.

B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია – 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების – 90 ლარი.

A, C, D, BE, CE, DE კატეგორიის და A1, A2, B1, C1, D1, C1E და D1E ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების – 150 ლარი. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, არ არის გამორიცხული ფასები შეიცვალოს.

შსს-ს ინფორმაციით, სიახლეა ისიც, რომ თუ ამ დრომდე B კატეგორიის შემთხვევაში, მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით გამოცდის ჩაბარების დროს მძღოლს 40 ლარის გადახდის შემდეგ 5 უფასოდ გასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, ახალი რეგულაციით, ავტომატურ და მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით გამოცდის ჩაბარება გათანაბრდება, შესაბამისად აღნიშნული შეღავათით მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მძღოლები ვეღარ ისარგებლებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შეიმუშავა ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ევროდირექტივის მოთხოვნების შესრულებას. შესაბამისად ჩვენი კანონპროექტის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკულ გამოცდას დაემატება ახალი ეტაპი, რეალურ საგზაო პირობებში მოძრაობა, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით.

ასევე ევროდირექტივის თანახმად, ჩვენ ვალდებულები ვართ კატეგორიები მოვიყვანოთ თანხვედრაში ევროკავშირის კატეგორიებთან. შესაბამისად დაგვემატება ახალი კატეგორიები, რომელიც არის M კატეგორია და A2 კატეგორია. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტშია ასახული არის ის, რომ ჩვენ დავიწყებთ მოპედების რეგისტრაციას.

მოპედების კატეგორია არის M კატეგორია. შესაბამისად მხოლოდ თეორიული გამოცდით იქნება შემოფარგლული.

A2 კატეგორია არის A კატეგორიის, ანუ მოტიციკლის კატეგორიის ქვეკატეგორია, სადაც სავალდებულო იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოხდება ყველა იმ ქალაქში, სადაც ვართ წარმოდგენილნი სერვის ცენტრებით, გარდა თბილისისა. პირველ ეტაპზე იქნება შეზღუდვები ზუგდიდსა და ფოთში, რადგან იქ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები“,- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხარაგაულში მამაკაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა