მუსლიმური სამყარო დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავს

მუსლიმური სამყარო დღეს, 4 ივნისს რამადან ბაირამს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლოცვა ყველა მოქმედ მეჩეთში აღევლინა.

მორწმუნეები ბათუმში ორ ლოკაციაზე შეიკრიბნენ. ნაწილი ტრადიციულად ორთა ჯამეში მივიდა, ნაწილი კი იმ ტერიტორიაზე, სადაც მუსლიმებს ახალი მეჩეთის მშენებლობა სურთ. 

მლოცველთა სიმრავლის გამო ორთა ჯამემ მორწმუნეები ვერ დაიტია და მრევლის ნაწილს ლოცვა ისევ ღია ცის ქვეშ, ქვაფენილზე მოუხდა.

ძველ მეჩეთში ლოცვა საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ აღავლინა. მან ახალი სამლოცველოს საჭიროებაზე ისაუბრა. მუფთმა იმედი გამოთქვა, რომ 12 ივნისს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მრავალწლიან პრობლემას მოგვარდება. 

რამადან ბაირამს ერთ თვიანი მარხვის შემდეგ აღინიშნავენ. 4 მაისიდან დღემდე მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, წყლისა და საკვების მიღება ეკრძალებოდათ. მუსლიმთათვის ეს არის მიტევებისა და ქველმოქმედების დღე.

ბაირამზე მორწმუნეები ტრადიციულად ჰალვას ამზადებენ და მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად საფლავებზე გადიან. 

რამადან ბაირამი სამი დღის განმავლობაში გრძელდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp