რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, დიდი ალბათობით, უკვე ივნისში დაბრუნდება

რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო  ასამბლეაში (PACE), დიდი ალბათობით, უკვე ივნისში დააბრუნებენ. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის კომიტეტის წევრებმა 3 ივნისს პარიზში გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს მოხსენების პროექტსა და რეზოლუციის  „საპარლამენტო ასამბლეის მიერ უფლებამოსილებებსა და კენჭისყრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დახვეწას“ ტექსტს. თუ საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები ამ რეზოლუციას 24 ივნისს სტრასბურგში, საზაფხულო სესიაზეც დაუჭერენ მხარს, რუსეთის დელეგაციას ასამბლეაში დაბრუნება ექნება გარანტირებული.

რუსული დელეგაცია PACE-ში შესაძლოა, უკვე ივნისში დაბრუნდეს 

რუსეთის ფედერაციას PACE-ში ხმის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით შეუჩერდა. ვინაიდან მოსკოვმა არ შეასრულა ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების არც ერთი მოთხოვნა, რუსეთის მიმართ სანქციები რამდენჯერმე გახანგრძლივდა. პროტესტის ნიშნად 2016 წლიდან რუსული დელეგაცია PACE–სესიენში აღარ მონაწილეობს. მოქმედი რეგლამენტის თანახმად, ეროვნული დელეგაციები წარმოდგენილები უნდა იყვნენ მხოლოდ წლის დასაწყისში, იანვარში, და ვინაიდან 2019 წლის იანვარში რუსეთის ხელისუფლებამ სესიებში მონაწილეობის განაცხადი არ წარადგინა, ფორმალურად PACE-ში რუსეთის დელეგაცია აღარ არსებობდა.

რეზოლუციის პროექტში, რომლის ავტორი PACE-ს რეგლამენტის კომიტეტს ხელმძღვანელი – ბელგიელი დეპუტატი სოციალისტების ჯგუფიდან პეტრა დე სუტერი გახლავთ, გაწერილია წინადადება, დელეგაციებს, რომლებიც ამჟამად PACE-ში ​ წარმოდგენილები არ არიან, კერძოდ, რუსეთის, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის დეპუტატებს მიეცეთ შესაძლებლობა, ივნისის სესიაში მონაწილეობაზე განაცხადები წარადგინონ.

კომიტეტი ასევე გამოვიდა წინადადებით, რეგლამენტს დაემატოს პუნქტი, რომელიც მიხედვით, ეროვნული დელეგაციებს მათი უფლებამოსილებების გასაჩივრების შემთხვევაში ხმის უფლებას ვეღარ ჩამოერთმევათ, ასამბლეასა და მის ორგანოებში წარმომადგენლობის ყოლა და სიტყვით გამოსვლები ვეღარ აეკრძალებათ.

სანაცვლოდ პროექტის ავტორები სთავაზობენ ასამბლეას შესაძლებლობას, სანქციები ეროვნული დელეგაციების კონკრეტულ პირთა მიმართ იყოს შემოღებული. რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების შეტანის სურვილს PACE-ს მინისტრთა კომიტეტის მაისის გადაწყვეტილებას უკავშირებს, რომლის თანახმად, ევროსაბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება და ვალდებულებაც, მონაწილეობა მიიღოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში.

რეზოლუციას ყველა არ ემხრობა 

უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადმირ არიევმა, რომელიც ასამბლეის რეგლამნეტის კომიტეტის წევრიც გახლავთ, „ფეისბუქში“ პირად გვერდზე დაწერა, რომ კომიტეტმა რეზოლუციის „ცუდი ვარიანტი“ მიიღო, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს რეზოლუცია არ ახდენს სასანქციო პროცედურის ლიკვიდირებას, რასაც რუსული მხარე მოითხოვდა. „რეზოლუციას მხარი რომც დაუჭირონ, თუნდაც შეკვეცილი სანქციების დაწესების შესაძლებლობა მაინც რჩება“, – აღნიშნა არიევმა.

მისივე ინფორმაციით, რუსული დელეგაციის დაბრუნების მხარდამჭერები თავის პოზიციას იმით არგუმენტირებდნენ, რომ რუსი დეპუტატების წარმოდგენილობა ასამბლეას შესაძლებლობას მისცემს, ისინი „პირში გააკრიტიკოს“. 

როგორც არიევი აღნიშნავს, ივნისის სესიამდე დარჩენილ დროის განმავლობაში უკრაინელი დეპუტატები აქტიურად იმუშავებენ სხვა ქვეყნების ეროვნულ დელეგაციებთან მათ დასარწმუნებლად, რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირონ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp