ბრიტანეთის ელჩი TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე: "ყურადღებით ვაკვირდებით ყველა იმ საქმეს, სადაც მნიშვნელოვანი ბრიტანული ინვესტიცია ხორციელდება"

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის ჯასტინ მაკკენზი სმიტის განცხადებით, "ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების ზრდა მნიშვნელოვანია საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, ამ ინვესტიციების არსებობა კი დამოკიდებულია ქვეყანაში გამჭვირვალე და პროგნოზირებად გარემოზე". 

"აქცენტის" კითხვაზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ 10 წლის წინანდელ საქმეზე დაწყებული გამოძიება ხომ არ იმოქმედეს აღნიშნული პორტის მშენებლობაზე, ჯასტინ მაკკენზი სმიტი აცხადებს:"არ იქნება მართებული, რომ კომენტარი გავაკეთო მიმდინარე კონკრეტულ საქმეზე. თუმცა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველა იმ საქმეს, სადაც მნიშვნელოვანი ბრიტანული ინვესტიცია ან ბრიტანული კომპანიაა ჩართული. ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების ზრდა მნიშვნელოვანია საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, რომელიც სარგებელის მომტანია ყველასთვის. ამ ინვესტიციების არსებობა დამოკიდებულია ქვეყანაში გამჭვირვალე და პროგნოზირებად გარემოზე, რომელიც პირველ რიგში სამართლიან და სანდო სასამართლო სისტემაზე იქნება დამყარებული. ჩვენი სურვილია ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა ეს პრაქტიკები დაინერგოს" – განუცხადა ელჩმა "აქცენტს". 

ელჩმა "აქცენტთან" ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

"ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ბევრი რამ მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ვხედავთ ახალი სავაჭრო ურთიერთობების სწრაფ განვითარებას. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის, მას ამ მიმართულებით ბუნებრივ უპირატესობას აძლევს. წლების მანძილზე, საქართველოს მთავრობებმა, მომავალი თაობების სასარგებლოდ, ამ პოტენციალის ათვისებისთვის არაერთი შესაძლებლობა გამოიყენეს. ანაკლიის პროექტი სწორედ ამ ამბიციური გამოწვევის პასუხია. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, "ანაკლიის კონსორციუმმა" ხელი შეუწყო ბრიტანელი სპეციალისტების და ინვესტორების მოზიდვას და მე მოხარული ვარ, რომ პროექტის განვითარების საწყის ეტაპზე რამდენიმე ბრიტანული კომპანია არის ჩართული" – განუცხადა ელჩმა "აქცენტს". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ვიტ ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს: "არ გავტყდებით!"