თეა წულუკიანი: "გამიხარდა შალვა თადუმაძის ინტერესი"

არ დაგიმალავთ, გამიხარდა შალვა თადუმაძის ინტერესი, უზენაეს სასამართლოში იყოს მოსამართლე, – განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, თუ თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას დატოვებს, ეს პროკურატურისთვის დანაკლისი იქნება.

„ის, რომ ბატონ შალვას აქვს ინტერესი უზენაეს სასამართლოში იყოს მოსამართლე, მედიიდან შევიტყვე. არ დაგიმალავთ, მისი ეს ინტერესი გამიხარდა კიდეც, მაგრამ დაველოდოთ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რადგან წინ აქვს კონკურსი. რაც შეეხება გენერალური პროკურორობიდან მის შესაძლო წასვლას, ვფიქრობ, ეს პროკურატურისთვის დანაკლისი იქნება, რადგან, როგორც თავადაც ბრძანებს, შედარებით ახალდანიშნული გენპროკურორია, აქვს სამოქმედო გეგმა, სტრატეგიული მიზნები მისაღწევი და ვფიქრობ, რომ ის ამ ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს დღესაც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შალვა თადუმაძე პოლიტიკური ნეიტრალიტეტის კრიტერიუმს რამდენად დააკმაყოფილებს, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა: „ვფიქრობ, ბატონი შალვა შესანიშნავი გენპროკურორია, პოლიტიკურად ნეიტრალური. მან ეს საქმეში აჩვენა და ამ მხრივ, ვფიქრობ, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ იქნება ან ნაკლები იქნება, თუმცა კითხვის დასმის უფლება ყველას აქვს“.

თეა წულუკიანის თქმით, არ ფიქრობს, რომ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა სია იუსტიციის მინისტრის შესაფასებელია.

„ამ შეფასებისგან მევალება თავის შეკავება და ამ უფლებით აუცილებლად ვისარგებლებ. რაც შეეხება გენპროკურორს, რომელმაც ინტერესი გამოხატა, გახდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლე, მას ალბათ, ვერავინ უსაყვედურებს, რომ წარსულში რაიმე ტიპის უკანონო სამოსამართლეო გადაწყვეტილებები აქვს მიღებული. ხშირად სწორედ ეს იყო კრიტიკა არასამთავრობო სექტორისგან და ეს კრიტიკა ბატონ შალვასთან მიმართებაში ყველამ იცის, რომ უსაფუძვლოა.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, სერიოზულად არ აღვიქვამ, რადგან ისინი ჩემთვის პოლიტიკური პარტიები არიან და სანამ არ დაირქმევენ იმ სახელს, რომელიც მათ ჰქვიათ – პოლიტიკური პარტია, მათ განცხადებებზე რეაგირება, ვფიქრობ, რომ სერიოზულობას მოკლებული იქნება ჩემი მხრიდან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp