აშშ უკრაინისთვის MNNA-ს მინიჭებას გეგმავს. და საქართველო?

აშშ–ის NATO-ს არაწევრი მნიშვნელოვანი სამხედრო პოლიტიკური პარტნიორის სტატუსი (Major non-Nato Ally - MNNA), რომლის მინიჭებასაც ვაშინგტონი უახლოეს ხანებში უკრაინისთვის გეგმავს, კიევისთვის თავდაცვითი საშუალებების გადაცემას გაამარტივებს.  

უკრაინისთვის MNNA–ს მინიჭების შესახებ კანონპროექტი აშშ–ის კონგრესის  წარმომადგენელთა პალატას 1 ივნისს წარედგინა,

აშშ–ში უკრაინის საელჩოს ფეისბუქ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანხმად, სტატუსის მინიჭების მთავარ მიზნად აშშ–ის მიერ უკრაინისთვის თავდაცვითი საშუალებების გადაცემის გამარტივება სახელდება და ეს სტატუსი იმოქმედებს მანამ, სანამ უკრაინა NATO–ს წევრი არ გახდება.



NATO–ს  არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭება ქვეყანას აძლევს საშუალებას, აშშ–ის სამხედრო დახმარება მისთვის გარკვეულწილად უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. მაგალითად, ასეთ ქვეყნებს პრიორიტეტი ენიჭებათ, როდესაც ხდება იმ ჭარბი ამერიკული შეიარაღების ან სამხედრო ტექნიკის გადაცემა, რომელსაც აშშ-ის შეიარაღებული ძალები უკვე აღარ იყენებენ.

ამასთან, MNNA-ს მინიჭება აშშ-ის მიერ ამ სტატუსის მქონე ქვეყნების მიმართ თავდაცვითი ვალდებულებების აღებას არ გულისხობს.



„კანონპროექტი სახელწოდებით „უკრაინისთვის დახმარების  შესახებ მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“ მიმართულია უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე,  მათ შორის – უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღების გადაცემისა და ლეტალური თავდაცვითი საშუალებების მიყიდვის გზით. მათ შორის იქნება ტანკსაწინააღმდეგო, გემთსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.  გათვალისწინებულია ასევე უკრაინის დახმარება კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასა და რუსული ჰაკერული თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარის ამაღლებაში“, – ნათქვამია, საელჩოს ინფორმაციით, კანონპროექტში.

მისივე ცნობით, დოკუმენტის პროექტშია აღნიშნულია, რომ „კიევის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს უკრაინის სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ, ყირიმსა და დონბასში რუსეთის შეჭრისა და ამ ტერიტორიების ოკუპაციის ჩათვლით“.

კანონპროექტის თანაავტორები არიან საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელძღვანელები, დემოკრატი ელიოტ ენგელი და რესპუბლიკელი მაიკ მაკკოლი, ასევე  ევროპის, ევრაზიის, ენერგეტიკისა და გარემოს ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი უილიამ კიტინგი და თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადან კინზინგერი.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ერთხად მიიღო უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი – კანონპროექტი, რომელიც უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს „NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად“ აღიარებდა. თუმცა მაშინ კანონპროექტი არ დამტკიცდა.

ამჯერად, თუ გერმანული DW-ს ინფორმაციას დავეყრდნობით, კანონპროექტი მხოლოდ უკრაინაზეა საუბარი. „აქცენტი“ ცდილობს,  ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ში საქართველოს საელჩოში გადაამოწმოს.  



ცნობისთვის: NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად აღიარება უკვე 15 ქვეყანას აქვს მიღებული. ბოლო იყო ავღანეთი, რომელმაც ეს სტატუსი 2012 წელს მოიპოვა. დანარჩენები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბაჰრეინი, ეგვიპტე, იაპონია, იორდანია, ისრაელი, ქუვეითი, მაროკო, ახალი ზელანდია, პაკისტანი, ფილიპინები, სამხრეთ კორეა და ტაილანდი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp