ომბუდსმენი – კალანდიას დაკავებაზე: "ეს ბევრი რამის აღიარებას ნიშნავს"

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიასთვის ბრალის წარდგენის საფუძველი ჯერ კიდევ გასულ წელს არსებობდა.  

"ალბათ, ეს [კალანდიას დაკავება] ლოგიკური გაგრძელებაა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები ნამდვილად იყო პრგნოზირებადი თუნდაც ერთი წლის წინ, რადგან მასალებიც გაცნობაც საკმარისი იყო, დაგვენახა, რა ხარვეზები არსებობდა გამოძიებაში, რა იყო გასაკეთებელი. ჯერ კიდევ გასულ წელს არსებობდა ბრალის სტანდარტი კონკრეტული პირის მიმართ და ეს მტკიცებულებები საქმეში არსებობდა. მე ვერ ვიტყვი, დღეს რამდენად არსებობს საქმეში მტკიცებულებები, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, რადგან ერთი წელია, მიმდინარე გამოძიებაზე წვდომა სამწუხაროდ, არ გვაქვს და ვერ შევაფასებთ, დამატებით რა მტკიცებულებები იქნა მოპოვებული. შესაძლოა, ისინი [შსს] ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან როგორც ვიცით, პროკურატურა კვლავ დაობდა და ამტკიცებდა, რომ მკვლელობაში მონაწილეობას იღებდა სხვა პირი, რომელსაც საბოლოოდ არ დაუმტკიცდა მკვლელობაში მონაწილეობა. ორი პარალელური ბრალის წარდგენა ურთიერთგამომრიცხავი იქნებოდა. ამდენად, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება წმინდა სამართლებრივი სტრატეგიიდან, ტაქტიკიდან გამომდინარე იქნა მიღებული",– განაცხადა TV "პირველის" ეთერში ლომჯარიამ. 

მისი შეფასებით, მიხეილ კალანდიას დაკავება დღეს ბევრი რამის აღიარებას ნიშნავს: 

"ეს ბრალი და დაკავება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, ბევრი რამის აღიარებას. შესაძლოა, ეს აღიარება გაუჭირდათ და პროცესი ამიტომაც გაიწელა დროში. ეს ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ერთი წლის განმავლობაში: გამოძიება არ მიმდინარეობდა ობიექტურად, არ ჩატარდა აუცილებელი, გადაუდებელი და გონივრული საგამოძიებო მოქმედებები პირთა მთელი სპექტრის მიმართ, არა მხოლოდ კალანდიას და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ გამოძიება იყო ხარვეზიანი. ვერ გავიზიარებ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, გამოძიება თავის დროზე ხარვეზიანი იმის გამო იყო, რომ არასრულწლოვნები არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთანო. ჩვენ ვსაუბრობდით მთელ რიგ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლებიც არ ჩატარებულა",– განაცხადა ლომჯარიამ და დასძინა, რომ "ახლა მთელი აქცენტი უნდა გადავიდეს იმაზე, თუ რატომ არ ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმედებები".  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დააკავა. ოჯახის შეფასებით, დაკავების აქტი პოლიტიკურად იყო მოტივირებული, სარალიძეები კი მიიჩნევენ, რომ "სამართალი აღსდგა".

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
16 სექტემბრის ამინდის პროგნოზი