„ასე ნუ ავწევთ სააკაშვილის წონას, რომელიც მას პრინციპში, საერთოდ არ აქვს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის ექს–პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი არ არის „იმდენად აქტუალური ფიგურა, რომ მის გამო ევროპის დედაქალაქში ერთმანეთს ერთი ქვეყნის პრემიერი და მეორე ქვეყნის პრეზიდენტი ხვდებოდნენ ერთმანეთს“.

„თუ შედგა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, ეს არის კარგი. მნიშვნელოვანია, უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. არ მგონია მიხეილ სააკაშვილი იმდენად აქტუალური იყოს, რომ ამის გამო ევროპის დედაქალაქში ერთმანეთს ერთი ქვეყნის პრემიერი და მეორე ქვეყნის პრეზიდენტი ხვდებოდნენ. ასე ნუ ავწევთ, ასე ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის წონას, რომელიც მას პრინციპში, საერთოდ არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბრიუსელში მდებარე სასტუმროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკია გაჩერებული, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც იმყოფება. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ბახტაძე და ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის თემაზე ერთმანეთს შეხვდნენ. 

ცნობისთვის: 28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა დაუბრუნა. 29 მაისიდან კი სააკაშვილი კიევში იმყოფება. 30 მაისს საქართველოს პროკურატუმ განაცხადა, რომ თბილისი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას კვლავ ითხოვს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp