კობახიძე – გარეჯთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებებზე: „ ეს იყო კერძო აქტივობა, რომელიც, სამწუხაროდ, მაინცდამაინც არ წაადგა საკითხის სწრაფად მოგვარებას“

ეს იყო კერძო აქტივობა, რომელიც, სამწუხაროდ, მაინცდამაინც არ წაადგა ამ საკითხის სწრაფად მოგვარებას, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც დავით– გარეჯთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხებოდა.  

კობახიძის თქმით, ახლა მთავარია, დავით– გარეჯის საკითხი ორ სახელმწიფოს შორის დიალოგისა და კონსულტაციების რეჟიმში გადაწყდეს.  

"კერძო აქტივობა იყო, რომელიც, სამწუხაროდ, არ წაადგა მაინცდამაინც ამ საკითხის სწრაფად მოგვარებას. თუმცა, რამდენად ჰქონდათ ამისთვის საბაბი, მეორეა. მე მგონია, რომ ამისათვის საფუძველი არ არსებობდა, საბაბის გამოყენება ყოველთვის შეიძლება. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარია, კონსულტაციების რეჟიმში ხელისუფლებებს შორის ორ სახელმწიფოს შორის გადაწყდეს ეს საკითხი და ზედმეტი ვნებათაღელვა ამას ხელს არ შეუწყობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის პრეს–სპიკერის განცხადებას, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ მან არ იცის "სად რა კომუნიკაცია შედგა". 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ყველა აქტივობა და მოლაპარაკება შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრების დადგენის შესახებ გაკეთებული განცხადება შეთანხმებული, განაცხადა, რომ შეთანხმებული იყო.

„საქართველოს პრეზიდენტის სახელით მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან. ეს კონკრეტული განცხადებაც იყო შეთანხმებული საქართველოს პრემიერ-მინისტრთან", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა. 

იხილეთ ასევე: ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp