“ადგილები იყო, მოვიყვანე ცოლისძმა და დავნიშნე, აბა, შენსას ხომ არ დავნიშნავდი?! რა არის ამაში ცუდი?!“ (ვიდეო)

“TV25-ის” ინფორმაციით, ააიპ „ქობულეთის სანდასუფთავებაში“ 15-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, ფიქტიურად არის დასაქმებული და ხელფასს იღებს. მაუწყებელს სანდასუფთავების სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა დოკუმენტები, სადაც სწორედ ფიქტიურად დასაქმებულ ადამიანებზეა ინფორმაცია.

“TV 25-ის” ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, მინდია რომანაძის ძმამ ირაკლი რომანაძემ ქობულეთის სანდასუფთავებაში მუშაობა ძმის დახმარებით დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ყოველთიურად ხელზე 400 ლარი ერიცხება, თუმცა რისთვის დაზუსტებით არ იცის.

ჩამონათვალში მოხვდა ქობულეთის სანდასუფთავების დირექტორის სულიკო ბლადაძის ძმა ნუგზარ ბლადაძეც. „TV 25“ს ეს უკანასკნელი სახლში არ დახვდა, თუმცა ოჯახის დამხმარემ ტელეკომპანიას განუცხადა, რომ ბლადაძე არ მუშაობს, უფრო მეტიც იგი ყოველდღიურად სახლშია. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 750 ლარს შეადგენს.

„არავის ხარჯზე არ დამისაქმებია ჩემი ძმა. ჩემი ძმა დადის სამსახურში. საბუთები მაქვს ამის დამადასტურებელი, მაგრამ არ გაჩვენებთ“,– განუცხადა ქობულეთის სანდასუფთავების დირექტორმა სულიკო ბლადაძემ TV 25“-ს.  

კითხვაზე, როგორ მოხვდა მისი კიდევ ერთი ნათესავი – ცოლისძმა ორგანიზაციის სამეურნეო ნაწილში, ბლადაძემ შემდეგი პასუხი გასცა: 

„სად ხედავ ნეპოტიზმს? ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა შენს ცოლისძმას ხომ არ დავნიშნავდი? ვერ გავიგე რა. მოვედი აქ, შევხედე ადგილები ცარიელი იყო და მოვიყვანე ცოლისძმა და დავნიშნე, რა არის ამაში ცუდი?!“. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp