დღეიდან მძღოლებისთვის ახალი ჯარიმები ამოქმედდა

დღეიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობისთვის მძღოლებისთვის ახალი ჯარიმები ამოქმედდა. 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ავტობუსის ზოლში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან გაჩერება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.

„ჩვენი ინიციატივით, კანონში განხორციელდა გარკვეული ცვლილებები. კერძოდ, ავტობუსის ზოლსა და ველობილიკებზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებასა და მოძრაობაზე გავზარდეთ სანქციები. როდესაც კეთდება საფეხმავლო ბილიკები ქვეითად მოსიარულეებისთვის, კეთდება ველობილიკები, ძირითადად ეს ყველაფერი საპარკინგე ადგილებად არის გამოყენებული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ჩვენ გავამკაცრეთ ჯარიმები და ეს უკვე ამოქმედდა. ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან გაჩერება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით. ასევე, დაწყებული გვაქვს პროექტი - ჭკვიანი კამერების დაყენება. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ვინც კანონს დაარღვევს, ეს ჯარიმები ავტომატურ რეჟიმში მიუვა მათ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp