"როცა პრეზიდენტი ვიზიტით მიემგზავრება, სასაუბრო თემატიკას საგარეო უწყება უმზადებს"

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი თანამდებობის პირისთვის, რომელიც ვიზიტით მიემგზავრება, სასაუბრო თემატიკას, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, საგარეო უწყება ამზადებს. 

ამის შესახებ დავით ზალკალიანმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, იყო თუ არა მის უწყებასთან შეთანხმებული პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელიც მან ბაქოში გააკეთა.

"ვიზიტის ფარგლებში განხორციელებულ სასაუბრო თემატიკას, რა საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება, ვუმზადებთ ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს მართლაც ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ამ საკითხებზე ზედმეტი სპეკულაციები დამაზიანებელია. ამიტომ აუცილებელია კომისიას მიეცეს ნორმალურ პირობებში მუშაობის გაგრძლების საშუალება. დელიმიტაციის საკითხი მუდმივად დგას საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში. როდესაც გავდივართ ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს, იქ არის მთელი ჩამონათვალი და ბუნებრივია, დელიმიტაციის კომისიის მუშაობის განახლების საკითხი არის ამ ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლების განმავლობაში დელიმიტაციის კომისიის საქმიანობა ვერ ხორციელდებოდა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ჩვენ იმ სასაუბრო მასალაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის სხვადასხვა ვიზიტების დროს და ამ შემთხვევაში აზერბაიჯანთან მიმართებაში, ბუნებრივია, ეს საკითხიც შეტანილი იყო. მიუხედავად იმისა, მიმდინარეობდა თუ არა ოფიციალური მუშაობა კომისიის ფარგლებში, ჩვენც, ჩვენი ორმხრივი შეხვედრების დროს მუდმივად ვსაუბრობდით ამ თემატიკაზე. მოგეხსენებათ, რომ კომისიამ განაახლა მუშაობა და განახლდა შემადგენლობა. კარგია, რომ ორივე მხარეს არის პოლიტიკური ნება, რომ კომისიის ფარგლებში საქმიანობა გაგრძელდეს", - განაცხადა ზალკალიანმა. 



Facebook Twitter Email Viber WhatsApp