კალანდიას ძმა: "მიხეილს "ოქროს მოწმეს" ეძახდნენ და ყველა საქმეში ისე გამოიყენეს, როგორც უნდოდათ"

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმის ლუკა კალანდიას განცხადებით, დღეს საქარველოში სამართალი ჩამოიშალა.  

როგორც კალანდიამ ჟურნალისტებს შსს–ს მთავარ სამმართველოსთან განუცხადა, მისი ძმა პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული, ხოლო გამოძიებას მკვლელობაში კალანდიას მონაწილეობის თაობაზე არანაირი მტკიცებულება არ მოუპოვებია.  

"პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული, რომ თავიდან აერიდებინათ ის საზოგადოებრივი მღელვარება, რაც პირველი ისტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. ამდენი პროპაგანდის შემდეგ, თითქოს მიხეილ კალანდია მკვლელი იყო, საზოგადოებისთვის შესაძლოა, ძნელი დასაჯერებელი იყოს, მაგრამ დღეს დავდექით რეალობის წინაშე, რომ საქართველოში სამართლის კოლაფსია, ჩამოინგრა. 

ამ წელიწადნახვერვის განმავლობაში თვითონ უწყების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ კალანდია უდანაშაულო იყო. არანაირი დამატებითი მასალა, ან მტკიცებულება არ არის აღმოჩენილი. არის მხოლოდ მოსამართლის განჩინება, ორი ბრალდებულის ჩვენება, რომელიც ჩემი აზრით, სამართლისთვის არასანდოდ უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან ბრალდებულები არიან. ასევეა ორი ირიბი მოწმის ჩვენება, რომლებიც არაზუსტად ასახელებენ, რა ეჭირა მიხეილ კალანდიას ხელში.  თავადაც იციან, რომ მიხეილ კალანდია უდანაშაულოა. როდესაც 1 დეკემბერს გამოცხადდა, რომ ორი ბავშვი იყო გარდაცვლილი, ჩვენ საღამოს მიხეილი მივიყვანეთ პოლიციაში იგივე ტანისამოსით, არც მოუცვლია. მთელი ღამე იქ იმყოფებოდა. 2 დეკემბრის ღამით მოვიდნენ სახლში მამაჩემი და მიხეილი. მიხეილი რომ დამნაშავე რომ ყოფილიყო, სახლში ვინ გამოუშვებდა და წელიწადნახევარი რაში სჭირდებოდა ამ ამბის დამტკიცებას? ეს აბსურდულია.

კალანდიები ელიან, რომ მათ დააკავებენ. 

"აქამდე ჩვენ ჩუმად ვიყავით. გვედავებიან დანაშაულის დაფარვას, მაგრამ ეს ამხელა ტრაგედიასთან მიმართებაში იმდენად უმნიშვნელოდ მიგვაჩნდა, ხმას არ ვიღებდით. მიხეილ კალანდიას ეძახდნენ "ოქროს მოწმეს". ყველა საქმეში ისე გამოიყენეს, როგორც უნდოდათ, სათავისოდ. ყველამ კარგად იცის, რომ პირველ ისტანციაში მიხეილ კალანდიას მიერ ჩვენების შეცვლა მერაბ მორჩაძის ზემოქმედებამ განაპირობა. ამაზე მორჩაძე გაასამართლეს. 

მეც და მამაჩემიც ველოდებით, რომ ჩვენ დაგვაკავებენ ალბათ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ამიტომ ჭიანურდებოდა 9 თვის განმავლობაში ჩვენი სასამართლოები, რომ ბერკეტი ჰქონოდათ ხელში, რომ მიხეილის დაკავების შემთხვევაში ჩვენ ხმას არ ამოვიღებდით და თავს დავხრიდით, მაგრამ მეც და მამაჩემსაც გვირჩევნია, რომ მოვიხადოთ სასჯელი და მიხეილ კალანდია უდანაშაულოდ არ წავიდეს 15–წლიან სასჯელზე. ის უდანაშაულოა და ამას ჩვენ ვამტკიცებთ. ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ მას დანა ეჭირა და ჭრილობა მიაყენა. პროკურატურის უნიათობით საქმის ოპერატიულად გამოძიებული საქმის დოკუმენტურად დამტკიცება და ეს ყველაფერიც ამან გამოიწვია",– აცხადებს კალანდია.

ცნობისთვის: კალანდია დათო სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ სამართლიანობისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp