6 ივნისის ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსები დღესაც მაღალ ტემპერატურას, თუმცა რიგ რაიონებში ნალექს პროგნოზირებენ. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,   6 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია, სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსი იქნება. 

რაც შეეხება თბილისს, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოპზირებენ, წელს ზაფხულში საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მეტი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, 2019 წლების ზაფხულის პერიოდში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მის შიდა რაიონებზე და კავკასიის რეგიონზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალია მოსალოდნელი, ნალექების რაოდენობა კი ნორმაზე მეტი იქნება.

„საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +22; მთაში +18,+20; მაღალ მთაში +15, +17; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19,+23; მთაში +17, 19; მაღალ მთაში +14, +15 გრადუსს შეადგენს.

საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-300 მმ, სანაპირო რაიონებში 550-600, მთაში 220-250 მმ, მაღალ მთაში 250-350 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 150-300 მმ, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში 200-300 მმ-ს შეადგენს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-21) მომზადებული, 2019 წლების ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის , აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სპეციალისტები მოქალაქეებს ურჩევენ, ცხელ ამინდებში გადაადგილებას მოერიდნონ, მიიღონ სითხე და ჩაიცვან ღია ფერის ტანისამოსი.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რამდენი და რა კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებულები შეიწყალა ზურაბიშვილმა ცხრა თვის განმავლობაში