12 ივნისიდან ახალი ბრძანება ამოქმედდება, რომელსაც ბიზნესმენები შოკად აფასებენ

აქციზის გადამხდელ კომპანიებს იმპორტის გადასახდელის გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე უმცირდებათ. სიახლე ეხება ე.წ. "ოქროს სიაში" მყოფ კომპანიებსაც, რომლებიც გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ. ირკვევა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება 31 მაისს  არის მიღებული და ძალაში 12 ივნისიდან შევა. 

ბიზნესმენთა ნაწილი ახალ რეგულაციებს "შოკად" აფასებს. მათი თქმით, სიახლის შედეგად არ არის გამორიცხული, კონკრეტულმა კომპანიებმა საკუთარი საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შეძლონ. კიდევ ერთ მთავარ პრობლემად იმპორტიორები ხელისუფლების მხრიდან მათთან კომუნიკაციის არარსებობას ასახელებენ.

"ასეთი გაუფრთხილებლობა პირველი იყო ჩვენთვის. სულ გვქონდა კომუნიკაცია. ამას სულ ნახევარსაათიანი პრეზენტაცია სჭირდებოდა. ეს ჩემთვის შოკი იყო...კომფორტულიდან არაკომფორტულ სიტუაციაში გადავდივართ" ,– აცხადებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია

ბიზნესმენები პროგნოზირებენ, რომ გადაწყვეტილება პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. 

მათ არ აქვთ კონკრეტული მოსაზრება, რაში დასჭირდა ხელისუფლებას მსგავსი ცვლილების მიღება. 

"მე ვფიქრობ, ესაა ჩავარდნა კომუნიკაციაში ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ბიზნესთან დამოკიდებულებაში",– ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბრძანებას. 

ბიზნესომბუდსმენი აცხადებს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების ასე მოკლე დროში ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე მიღება კომუნიკაციებში ჩავარდნაზე მიუთითებს და საჭიროა, რომ კომპანიებს ცვლილებასთან მოსარგებად გონივრული ვადა მიეცეთ.

„ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეხება „ოქროს სიას“, სადაც არიან ყველაზე რეპუტაციული კომპანიები და მათი რაოდენობა 200 ერთეულს აჭარბებს. ასეთი ცვლილების შესახებ ბიზნესი უნდა იყოს ინფორმირებული. 31 მაისს შევიდა ბრძანებაში ცვლილება, 2 ივნისს გამოქვეყნდა მაცნეში, 5 ივნისს გავრცელდა რელიზი და 12 ივნისს კომპანიები უკვე უნდა გადაეწყონ ცვლილებების შესაბამისად. დროში ასე სწრაფად გადაწყობა ფინანსური მოდელის საკმაოდ რთულია ამ კომპანიებისთვის და მინიმუმ, რაც უნდა მოხდეს ისაა, რომ სანამ არ გაიმართება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსა და კომპანიებს შორის, უნდა მოხდეს არსებული მოცემულობის შენარჩუნება“, - აცხადებს ლექვინაძე.

მისივე თქმით, გუშინ ჰქონდა კომუნიკაცია პრაქტიკულად ყველა ბიზნესასოციაციასთან, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან და ფიქრობს, რომ დამატებითი კომუნიკაცია შედგება და ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ისე, რომ ასეთმა მოულოდნელმა ცვლილებამ არ დააზარალოს კომპანიები, რომლებსაც შესაძლოა, მოკლე ვადაში საბრუნავ საშუალებებში შეექმნათ გარკვეული პრობლემები.

ლექვინაძის თქმით, "ოქროს სია" ბიზნესისთვის კარგი მოტივატორია."ფინანსთა სამინისტროს არგუმენტი, რომ თანაბარ პირობებში უნდა იყოს ყველა კომპანია, შესაძლოა, გავიზიაროთ ან არ გავიზიაროთ, თუმცა მე ვთქვლი, რომ „ოქროს სიის“ არსებობა ძალიან კარგი მოტივატორია კომპანიებისთვის, რომ იყვნენ რეპუტაციულები და ისარგებლონ შეღავათებით. მე ვერ ვხედავ პრობლემას "ოქროს სიის" და შეღავათების არსებობაში. თუ გვინდა, რომ მცირე ბიზნესსაც ჰქონდეს მეტი შეღავათი, ამისთვის არ უნდა დავამოკლოთ ის ვადები, რაც მაღალრეპუტაციულ კომპანიებს გააჩნიათ, შეიძლება უბრალოდ მცირე ბიზნესსაც მივცეთ უფრო მეტი დრო გადახდებისთვის,“-აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp