ზურაბიშვილი ლუგარის ლაბორატორიის თემაზე "ფეიქ ნიუსების" ავტორებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორიას ესტუმრა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ლაბორატორიის შესახებ “დიდი მეზობლისგან” გავრცელებული ცრუ ინფორმაციების მიზანი ქვეყნის დაზიანებაა. 

“ჩემი მიზანი იყო იმის ნახვა, თუ რა მიღწევებია,  როგორ არის აღჭურვილი, რა დონეზეა ტექნოლოგია და ვარ ძალიან კმაყოფილი და გაოცებული იმით, თუ რა დონეზეა დღეს საქართველოში დაავადებების პრევენცია, და ყველანაირი შესაძლო ინფექციების კონტროლი. ამ კუთხით საქართველო არის გამორჩეული რეგიონში.

აქ [ლუგარის ლაბორატორიაში] ვართ ევროპაში და აქ ვართ ევროპაში ამერიკის დახმარებით. ძალიან დიდი საქმე კეთდება და მე მინდა ყველას, ვინც აქ მუშაობს, დიდი მადლობა ვუთხრა და ასევე მივმართო იმათ, ვინც ფეიკ ნიუზებს ავრცელებენ – მოვიდნენ, ნახონ, როგორი არის და  გაიგებენ, თუ რამდენად ცრუ ინფორმაციაა მოსული ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და ერთი დიდი მეზობლისგან. ეს ინფორმაციები პირდაპირ იმისკენაა მიმართული, რომ ქვეყანა დაზიანდეს და არა იმისკენ, რომ საქმე გაკეთდეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ლაბორატორიაში იმუნიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

“მინდა, როგორც დედამ, ქალმა და პრეზიდენტმა,  ყველას გავახსენო, რომ იმუნიზაცია არის აუცილებლობა, იმუნიზაციის მნიშვნელობის არგაგება შვილისთვის, ოჯახისთვის, სახელმწიფოსთვის, ცოტა სხვა საუკუნეებს ეკუთვნის და არა 21-ე საუკუნეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp