„საქართველოს ბანკისა“ და „TBC ბანკის“ მსგავსი ვებ–გვერდების მეშვეობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში ბრალდებული პირები დააკავეს

„საქართველოს ბანკისა“ და „TBC ბანკის“ მსგავსი ვებ–გვერდების მეშვეობით თანხებს მოტყუებით დაუფლებაში ბრალდებული პირები დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელსაც „აქცენტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე კიბერდანაშაულისთვის თბილისში  დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენება, კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევა და ქურდობა.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, უკანონოდ ეუფლებოდნენ მოქალაქეთა საბანკო მონაცემებს და აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდნენ.

კერძოდ, აღნიშნული პირები  სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ რეკლამის სახით სისტემატურად ათავსებდნენ ვებგვერდებს, რომლებიც ვიზუალურად ჰგავდა „საქართველოს ბანკისა“ და “თი-ბი-სი” ბანკის ინტერნეტბანკინგის ვებგვერდებს. აღნიშნული ვებ-გვერდების მეშვეობით, ხდებოდა  „ფეისბუკის“ მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სახის ინტერნეტმომსახურების შეთავაზება. გარდა ამისა, მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, აღნიშნული ვებგვერდებიდან ვრცელდებოდა  ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა ბანკი ათამაშებდა სხვა და სხვა სახის  ძვირადღირებულ პრიზებს. შედეგად, რეალურ ინტერნეტბანკინგთან ვიზუალური მსგავსების გამო, მოქალაქეები შეჰყავდათ შეცდომაში და მოტყუების გზით, ეუფლებოდნენ მათ საბანკო მონაცემებს.

დაკავებული პირები თანხებს მათ მიერ სხვადასხვა ბანკისა და ინტერნეტტოტალიზატორების წინასწარ შექმნილ ანგარიშებზე რიცხავდნენ და მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ.

აღნიშნული ქმედებით ამ პირებმა მოქალაქეებს 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე ფინანსური ზიანი მიაყენეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელ სახლში, დროებით საცხოვრებელ ბინასა და სასტუმროს ნომერში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ლეპტოპი, 4 მობილური ტელეფონი, ერთი ცალი პერსონალური კომპიუტერი, რამდენიმე საბანკო პლასტიკური ბარათი და ფული.

გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქტიურად თანამშრომლობს საბანკო სექტორთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის პროცესში.

სამინისტრო ინტენსიურად განაგრძობს ბრძოლას მსგავსი სახის დანაშაულის წინააღმდეგ, რათა ქვეყნის საბანკო სექტორი და მისი მომხმარებლები მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp