ზელენსკის პლაგიატში ადანაშაულებენ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პლაგიატში ადანაშაულებენ. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ზელენსკის მიერ ბრიუსელში წარმოთქმული სიტყვის ფრაგმენტი ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადების იდენტური იყო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია სამსახურებრივი მოკვლევა.

„წინასწარ დადგენილია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ბრიფინგისთვის თეზისებს აგზავნიდნენ და პარალელურად პეტრო პოროშენკოსთვის მუშაობას აგრძელებდნენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ.

მისი თქმით, თუ აღნიშნული დადასტურდება, მკაცრი მმართველობითი, დისციპლინარული და საკადრო ზომები გატარდება. 

ამასთან მან არ გამორიცხა, რომ მომხდარი საგარეო უწყების ცალკეული თანამშრომლების დივერსია და მიზანმიმართული პროვოკაცია იყო.

ზელენსკი პლაგიატში პეტრო პოროშენკოს პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ დაადანაშაულა. კერძოდ, მისი თქმით, ზელენსკიმ ბრიუსელში გამართული ბრიფინგისას პეტრო პოროშენკოს ერთ-ერთი გამოსვლიდან შემდეგი აბზაცი წაიკითხა, რომელშიც საუბარია, რომ „უკრაინა ევროკავშირში არის რუსეთის იმპერიალისტური პროექტის სიკვდილი“.

„სასიამოვნოა, რომ ვლადიმირი უსმენს პეტრო პოროშენკოს, თუმცა კორექტორის გარდა, მან სფიჩრაიტერიც უნდა აიყვანოს“, – აღნიშნა ცეგოლკომ „ფეისბუქში“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა