ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის სამშენებლო პროცესს გაეცნენ

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ციბაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებთან  ერთად, აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზაზე მიმდინარე სამუშაოებზე იმყოფებოდნენ. სტუდენტებს, საშუალება ჰქონდათ ხიდების, მიწისქვეშა გასასვლელებისა და გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაცნობოდნენ. პროექტის ინჟინერმა, სტუდენტებს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზაზე მიმდინარე და დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების შესახებ დეტალური პრეზენტაცია გაუკეთა და სტუდენტების მიერ პროექტის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობის პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის, პირველ მონაკვეთზე, ხიდების მშენებლობა, ყრილის მოწყობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები და ელექტროგადამცემი ხაზების გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს.

პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)  და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს. 

პარალელურად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტექნიკური მიმართულებით  სტაჟირების პროგრამის დაწყებას გეგმავს, რომლის საშუალებითაც სტუდენტებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და დასკვნის უნარის  განვითრების საშუალება მიეცემათ.

სტუდენტების ვიზიტი სამშენებლო ობიექტებზე შემდგომშიც გაგრძელდება და დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ საავტომობილო გზების მშენებლობის პროცესში მონაწილეობა მიიღონ და ამ მიმართულებით სტაჟირება გაიარონ.