ლაურა ღაჭავა: "250 მკერავი სახლში მიზის"

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ინფორმაციით, მის სავაჭრო ობიექტზე შემოწმება ფინანსურმა პოლიციამ განახორციელა და ამ დროისთვის ყველა მისი ანგარიში დაყადაღებულია.  

როგორც ღაჭავა ამბობს, არ აქვს ვერსიები თუ რატომ შევიდა ფინანსური პოლიცია მოულოდნელად სავაჭრო ობიექტზე. 

"შუაღამეს მოვიდნენ. მე აქ არ ვიყავი, შვილთან ერთად ავსტრიაში ვიყავით წასულები – ჩემმა ბიჭმა ოპერაცია გაიკეთა. დამირეკეს, რომ ფინანსური პოლიცია შემოვიდაო და ყველა ბუღალტრის საბუთები წაიღესო. ამ ყველაფერს ვერაფერს ვუკავშირებ. წერილს ვწერთ ფინანსურ პოლიციას, პროკურატურას, ომბუდსმენს, პრემიერ-მინისტრს. ვეხვეწებით, რატომ მოხდა ასე, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია. დაყადაღებული მაქვს ანგარიში და ვეხვეწებით, რომ დროებით მოიხსნას ეს ყველაფერი. ანუ ქონება იყოს დაყადაღებული, მაგრამ თანამშრომლები არ დამრჩეს უხელფასოდ. ეს მაწუხებს. მიუხედავად ამისა, სამკერვალო ფაბრიკა მაქვს და გაჩერებულია,  250 მკერავი სახლში ზის. არაფერი ეჭვი არ მაქვს. ალბათ, არის ფირმები, ვისაც ზედმეტობა აქვს და ამის შემოწმება მიმდინარეობს. ეს არის სახელმწიფოს მოთხოვნა და ამ შემოწმებაში ჩვენც მოვყევით”,– აცხადებს ღაჭავა.

ცნობისთვის: გუშინ ლილოს ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც გაირკვა, ხანძარი სწორედ იმ ნაწილში გაჩნდა, რომელიც ღაჭავას ეკუთვნის. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ფინანსურად დაზარალდნენ მოვაჭრეები. ფაქტზე ამ დროისთვის სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ღაჭავა გამორიცხავს, რომ ცეცხლის გაჩენის წყარო ელექტროსადენები ყოფილიყო, რადგან მისი თქმით, ელექტროგაყვანილობა გამართულია, დაცვა კი მობილიზებული. 

არსებობს დივერსიის ვერსიაც. როგორც „ჩაინა ლილო სითის" დირექტორი ზვიად ქირია აცხადებს, ლაურა ღაჭავაზე ხდებოდა ზეწოლა, ამიტომ ის დივერსიას არ გამორიცხავს.    

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ლელოს“ პირველი 12 წევრის ვინაობა ცნობილია