უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილმა კიევის მერის შეთავაზებაზე უარი თქვა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს წინადადებაზე, დაიკავოს მისი პარტიის „უდარ“ თავმჯდომარის თანამდებობა,- ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ სააკაშვილთან აქტიური კონტაქტის მქონე რამდენიმე პირზე დაყრდნობით იუწყება. 

თავად სააკაშვილს კი საჯაროდ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. მიუხედავად ამისა, ვიტალი კლიჩკო ფეისბუქით უკვე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის უარის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

„ახალ ამბებს სააკაშვილთან კავშირის შესახებ ემოციის გარეშე ვკითხულობ. ჩემი ჟესტი უკვე გავაკეთე. რთულ სიტუაციაში შევთავაზე მხარში დგომა მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ჩემმა მხარდამჭერმა ეს იდეა არაერთგვაროვნად აღიქვა. "ფეისბუქში" სხვადასხვა კომენტარია, მაგრამ ისინი არც ადრე განსაზღვრავდნენ ადმიანებისადმი ჩემს დამოკიდებულებას და ქმედებებს. არსებობს სიტყვა და არსებობს საქციელი. მე პოლიტიკურ გეგმებს არ ვცვლი“ - წერს კლიჩკო. 

4 ივნისს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის პარტიას, "ახალ ძალთა მოძრაობას" უკრაინის "წინა ბანდიტურმა ხელისუფლებამ" რეგისტრაცია გაუუქმა, ამიტომ უკვე რეგისტრირებულ პარტიებს მიმართა, რომ მისი პარტიის აქტიურ წევრებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცენ. რამდენიმე საათში სააკაშვილს კიევის მერმა „უდარ“-ის თავმჯდომარეობა  შესთავაზა. როგორც კლიჩკომ აღნიშნა, "უდარ"-ი მონაწილეობას მიიღებს 21 ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში და რადგან მიხეილ სააკაშვილის პარტიას არჩევნებში მონაწილეობისთვის ბარიერი შეექმნა, მზად არის მხარში დაუდგეს.

კლიჩკოს შეთავაზების შემდეგ, მიხეილ საააკშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ კლიჩკოს წინადადება ღირსეულია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მხარდამჭერების აზრის გათვალისწინებით მიიღებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 16 სექტემბერს