ომბუდსმენი – ეთნიკური უმცირესობების ჩართულობაზე: "ეფექტური გამოსავალი უნდა მოიძებნოს"

საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საკმაოდ დაბალი და პრობლემატურია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მრგვალი მაგიდის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე „ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა/ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე წლებია მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა „ერთი ადგილის ტკეპნა გამოდის და უფრო ეფექტური გამოსავალი უნდა მოიძებნოს.”

„ეს არის მორიგი შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის საბჭოსთან, რომელიც არსებობს სახალხო დამცველის აპარატის ქოლგის ქვეშ. მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოში საკმაოდ დაბალი და პრობლემატურია. ადამიანის უფლებების 2018 წლის ანგარიშშიც ვსაუბრობთ იმაზე, რომ იმ რეგიონებშიც კი, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებულნი ეთნიკური უმცირესობები. ისინი როგორც თვითმმართველობის, ასევე რეგიონალურ დონეზე სამწუხაროდ, მმართველ თანამდებობებზე, საჯარო სამსახურში არ გვხვდებიან. დაბალია მათი წარმომადგენლობა დედაქალაქის მუნიციპალიტეტშიც. ვიცით, რომ ეთნიკური უმცირესობები დედაქალაქის 10%-ს შეადგენენ, თუმცა თბილისის საკრებულოში არ არიან წარმოდგენილები და ძალიან პასიურია ასევე მათი წარმომადგენლობა პარლამენტში. ისინი რეალურად, არც ერთ მმართველ თანამდებობაზე არ გვხვდებიან.

ამ პრობლემებზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, გარკვეული ნაბიჯები საჯარო ცხოვრებაში მათი ინტეგრაციისთვის უკვე გადადგმულია; ეს ეხება როგორც სასწავლო პროგრამებს, ასევე ახლად დაწყებულ სტაჟირების პროგრამას. დღევანდელი შეხვედრის თემაა ვისაუბროთ, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ეს პროგრამები და რა არის კიდევ გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია, ერთი ადგილი არ ვტკეპნოთ, რადგან ამ საკითხებზე წლებია, ვსაუბრობთ და უფრო ეფექტური გამოსავალია მოსაძებნი”, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ეთნიკური უმცირესობების საკითხთან დაკავშირებით კიდევ არსებობს გამოწვევები, თუმცა სახელმწიფომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს უწყებათაშორისი კომისია სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური კომისია. დღეს ჩვენ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებაზე ვსაუბრობთ, როგორ გავაძლიეროთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.  პირველ რიგში, ეს გულისხმობს ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებას, მათი უნარების გაძლიერებას და სახელმწიფო ენის ცოდნას.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში უკვე ამოქმედდა სპეციალური საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოები, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს უშუალოდ აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკის დაგეგმვაში,” – განაცხადა ციხელაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp