რუსეთი კომპენსაციას არ იხდის: ქართველების საქმე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში ინაცვლებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და უახლოეს სხდომაზე გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განიხილავს ე.წ. „დეპორტირებულების საქმეს“ - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იუწყება.

საქმე ეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციას 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლთათვის 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს 2 მაისს მიმართა და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა არ გადაიხადა დაკისრებული თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ 3 თვიან ვადაში, 2019 წლის 1 მაისამდე, საქართველომ კომიტეტისგან საქმის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა და დებატების გამართვა მოითხოვა. კომიტეტს ეთხოვა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო რუსეთისაგან ოფიციალური განმარტების მიღებაც.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მინისტრთა კომიტეტმა მთლიანად გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია და რადგან რუსეთის მთავრობამ კომიტეტს არ წარუდგინა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის არგუმენტაცია, დეპორტირებულების საქმეზე დებატები უახლოეს სხდომაზე ჩანიშნა.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა. საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დაავალა. ეს თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ პირებზე.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მიმართავს ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზალკალიანი - რასმუსენის წინადადებაზე: „ამაზე ვმუშაობთ“