ნათია თურნავა: "პანკისს მცირე ჰესები სჭირდება"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პანკისის ხეობას მეტი დასაქმება, მეტი ახალი პროექტი, მეტი ბიზნესი და მათ შორის, მცირე ჰესები სჭირდება. განცხადება თურნავამ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს მეტი ელექტროენერგია სჭირდება.

„მეტი უსაფრთხოებისთვის მეტი განახლებადი წყაროები გვჭირდება, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პანკისის ხეობის შემდგომი განვითარების პროგრამებთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში კონსენსუსს ინვესტორისა და მოსახლეობის ჩართულობით მივაღწევთ და ამ პროგრამებს შორის მცირე ჰესები იქნება. ამ თვალსაზრისით, ხეობას კარგი გამოცდილება აქვს და იქ მსგავსი პროექტები მოქმედებს, ადამიანებს ასაქმებს“, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, როგორც თურნავა აცხადებს, ის პანკისში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობას გრძნობს:

„როცა მსგავსი ფაქტი ხდება, ძირითადი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეკონომიკის მინისტრის. ამ შექმნილ პრობლემაზე ჩემს პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ. დავინახე დიდი გამოწვევა და საჭიროება მთლიანად ენერგეტიკის დარგის რეფორმირების.

​როცა პანკისის ხეობისა და სხვა რამდენიმე მსგავსმა შემთხვევამ ქვეყნისთვის ძალიან საჭირო პროექტები ცუდი კომუნიკაციის გამო დააბრკოლა და დროულად ვერ განახორციელა, ამან დაგვანახა, რომ ენერგეტიკის სექტორი სწრაფ რეფორმირებას საჭიროებს, მათ შორის კომუნიკაციის ნაწილში. უკეთესი კომუნიკაციაა საჭირო, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევას აკლდა. ეს საკითხები არის მაინც ინვესტორსა და მოსახლეობას შორის, ორმხრივ რეჟიმში წარმოებული. პანკისის შემთხვევაში ინვესტორი დაახლოებით 1,5 წელიწადი კომუნიკაციას აწარმოებდა მოსახლეობასთან და განსხვავებული განცდა იყო, ეს კომუნიკაცია თუ რამდენად შედეგიანია. ვნახეთ, რომ ეს კომუნიკაცია შედეგიანი არ იყო“.

ცნობისთვის: კომიტეტის სხდომაზე დღეს თურნავას დეპუტატები უსმენენ. 

შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს პანკისში ჰესის მშენებლობას მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სამართალდამცველებიც. როგორც ადგილობრივები განმარტავენ, ვითარება დაძაბა იმან, რომ თავად ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მოლოდინში იყვნენ, ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკა კი ხეობაში პოლიციის თანხლებით შევიდა და სამუშაოები დაიწყო. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp