ვინ არის 16 წლის გრეტა ტუნბერგი და რისთვისაა იგი ნომინირებული ნობელის პრემიაზე

დაახლოებით ნახევარი წლის წინ 15 წლის გრეტა ტუნბერგი პირველად გავიდა ერთკაციან პიკეტზე პარლამენტის შენობასთან და უარი განაცხადა სკოლაში სიარულზე, სანამ პოლიტიკოსები კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების შესრულებას არ დაიწყებდნენ. დღეს მის აქციას უკვე 1,5 მილიონამდე ადამიანი უერთდება, თავად გრეტა კი ნობელის მშვიდობის პრემიაზეა ნომინირებული.

«პარასკევები - მომავლისთვის»

2018 წლის 20 აგვისტოს იმხანად 15 წლის გრეტა ტურნბერგმა გადაწყვიტა, სკოლაში აღარ ეარა მანამ, სანამ პოლიტიკოსები შვედეთში ყურადღებას არ მიაქცევდნენ ტყის ხანძრებსა და გვალვას, რომელიც გლობალური დათბობით იყო გამოწვეული.

ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებამდე სამიოდე კვირა იყო დარჩენილი.

გრეტამ დაამზადა პლაკატი ლოზუნგით Skolstrejk For Klimate («სასკოლო გაფიცვა კლიმატისთვის»), ასევე ფლაერების შეკვრა მოკლე ტექსტით, რომელშიც განმარტავდა, რატომ ატარებდა სასწავლო საათებს სკოლის ნაცვლად რიკსტაგის (ქვეყნის პარლამენტის) შენობასთან:

«ჩვენ - ბავშვები ხშირად არ ვასრულებთ, რასაც უფროსები გვეუბნებიან. ჩვენ უფროსებივით ვიქცევით. და თუ თქვენ - უფროსებს ფეხზე გკიდიათ ჩემი მომავალი, მაშინ მეც ასევე! მე ვარ გრეტა, ვსწავლობ მე-9 კლასში  და ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებამდე სკოლაში აღარ ვივლი».

იმავე დღეს გოგონას ამბავი სოციალურ ქსელებში გავრცელდა. კვირის ბოლოსთვის მის პიკეტს რამდენიმე ათეული ადამიანი შეუერთდა. გრეტას მხარდაჭერა რამდენიმე პარლამენტარმაც გამოუცხადა. მისი საპროტესტო აქცია რამდენიმე ცენტრალურმა შვედურმა გამოცემამ და ადგილობრივმა ტელევიზიამაც გააშუქეს.

8  სექტემბერს, არჩევნებამდე ერთი  დღით ადრე გრეტამ გამოაცხადა, რომ შეჩერებას არ აპირებდა და “პარასკევები - მომავლისთვის” დააანონსა. ამასთან, მან მოუწოდა კლიმატის ცვლილებებით შეშფოთებულ ყველა ადამიანს მსოფლიოში, მისი ბრძოლისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ და თავის ქვეყნებში, პარლამენტების შენობებთან პარასკევობით ანალოგიური აქციები გაემართათ.

როგორც გრეტამ განმარტა, ამ ნაბიჯის გადადგმა მას იარაღის საწინააღმდეგო კამპანიამ შთააგონა, რომელიც ფლორიდელმა მოსწავლეებმა სკოლაში 17 ადამიანის ჩაცხრილვის შემდეგ წამოიწყეს.

გრეტას იდეას ახალგაზრდობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოეხმაურა. ნორჩმა აქტივისტებმა ინსტაგრამში, ჰეშთეგით #Fridaysforfuture თავისი აქციების შესახებ მოხსენებების გამოქვეყნება დაიწყეს.

«ბევრ ადამიანს შეუძლია, გლობალურ პრობლემებს ყურადღება არ მიაქციოს. მე ასე არ შემიძლია. როცა უფრო პატარა ვიყავი, მასწავლებლები სკოლაში გვიჩვენებდნენ ფილმებს იმის შესახებ, რას იწვევდა მდინარეებსა და ოკეანეებში ჩაყრილი ნაგავი, რომ გლობალური დათბობის გამო პოლარული დათვები შიმშილობენ და ასე შემდეგ. ვტიროდი. ჩემი კლასელებიც განიცდიდნენ, თუმცა ფილმი მთავრდებოდა, ისინიც ივიწყებდნენ და კავდებოდნენ საკუთარი საქმეებით. მე - ვერა. ეს კადრები სადღაც თავში გამეჩხირა», — უამბო გრეტამ “The Guardian”-ს.

თავისებურებების წყალობით გრეტას შეუძლია, საათობით იყოს კონცენტრირებული ერთ ამოცანაზე. ერთხელ გარემოს პრობლემების გაგონების შემდეგ მოზარდმა ამ საკითხის შესწავლას წლები დაუთმო, მერე კი  საქმეზე გადავიდა: უარი თქვა ხორცზე, აუცილებლობის გარეშე ნივთების შეძენაზე, თვითმფრინავების მომსახურებით სარგებლობაზე. მალევე გრეტას მაგალითს მთელმა მისმა ოჯახმა მიბაძა: სახლში მზის გენერატორი დაამონტაჟეს, მოიწყვეს ბაღ-ბოსტანი, სადაც თავად მოჰყავთ მხოლოდ ნატურალური პროდუქტი, გადაადგილდებიან მხოლოდ ველოსიპედებით – ჰყავთ ელექტრომობილი, თუმცა მას  მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებენ. გრეტას დედამ – ცნობილმა საოპერო მომღერალმა მალენა ერნმანმა ასევე უარი თქვა თვითმფრინავებზე და მხოლოდ მატარებლით მგზავრობდა, რაც მის კარიერაზე აისახა.

გრეტა და პოლიტიკოსები

ჟურნალისტებს არაერთხელ აღუნიშნავთ მოზარდის ხასიათის სიმტკიცე და ერთგვარი სიხისტეც ურთიერთობაში.

ხისტი რეაგირება მოახდინა გრეტამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებაზეც იმის შესახებ, რომ «პარასკევები - მომავლისთვის” - ეს კარგია, მაგრამ ეს არის სასწავლო დროის ხარჯვა და დამატებითი დატვირთვა მასწავლებლებისთვის”.

«და მიუხედავად ამისა, ის, რომ პოლიტიკოსებმა 30 წელი არაფრის კეთებაზე დახარჯეს, კიდევ უარესია” - განაცხადა საპასუხოდ ტუნბერგმა.

რის მიღწევას ცდილობს გრეტა ტუნბერგი

გრეტას ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებში, განსაკუთრებით პოლიტიკოსებში კლიმატის ცვლილებებით შეშფოთება გააღვივოს და პრობლემას მაქსიმალურად ფართო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს.

«არ მინდა, უკეთესის იმედად იყოთ. მე მინდა, პანიკაში ჩაგაგდოთ, რომ იგრძნოთ ის შიში, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობ მე და დაიწყოთ მოქმედება. თუ თქვენი სახლი იწვის, მაგიდას კი არ უსხდებით იმაზე სამსჯელოდ, როგორ ააშენოთ იგი თავიდან, არამედ გარეთ გარბიხართ და მეხანძრეებს ურეკავთ. ესაა აზროვნების ის სტილი, რომელიც უნდა გვქონდეს” - განაცხადა გრეტამ დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

გრეტა პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს, სანამ შვედეთის მთავრობა არ მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა პლანეტაზე ტემპერატურის საშუალო ზრდა 2 °C-იან ფარგლებს არ გასცდეს. როგორც ტუნბერგი განმარტავს, ეს ციფრი მას ჰაერიდან არ აუღია, ეს მოთხოვნა მეცნიერებმა 2015 წელს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებისთვის შეიმუშავეს. ამის მიღწევის გზად კი გრეტა ნახშირორჟანგის გაფრქვევის 15%-ით შემცირებას ასახელებს, რაც გაიწერა კიდეც ხსენებულ დოკუმენტში.

მიღწევები

როგორც თავად ტუნბერგი ირწმუნება, მოძრაობას “Fridays for Future” მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან 1,5 მლნ ადამიანი შეუერთდა. ჩატარდა 2000-მდე აქცია 123 სახელმწიფოში ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის ჩათვლით. გრეტას კვალდაკვალ მოსწავლეებიც და უფროსებიც გადიან ქუჩებში როგორც ერთკაციან, ისე მრავალათასიან აქციებზე, რათა ძლიერთა ამა ქვეყნისათა ყურადღება გლობალური დათბობის პრობლემებს მიაპყრონ.

ჟურნალმა i-D გრეტა ტურნბერგი “თაობის ხმად” მონათლა, Time-მა იგი მიშელ ობამას და ახალი ზელანდიის პრემიერ ჯასინდა არდერნის მხარდამხარ 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიანი  ადამიანის სიაში შეიყვანა. გოგონას შესახებ დაწერეს The Guardian-მა, New Yorker-მა და ათამდე სხვა გავლენიანმა გამოცემამ.

გრეტა ტუნბერგმა მონაწილეობა მიიღო გაერო-ს კონფერენციაში, გახდა Ted x Stockholm-ის მიწვეული სპიკერი და მალე გამოუშვებს წიგნს No One Is Too Small to Make a Difference («არავინაა მეტისმეტად პატარა რამის შესაცვლელად») — თავისი მთავარი მოსაზრებების კრებულს.

ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გრეტას მიღწევების ჩამონათვალის მხოლოდ ნახევარია.

გრეტას საჯარო სახე და მოთხოვნები შეიძლება, სხვადასხვაგვარად შეფასდეს. შესაძლოა, მან მნიშვნელოვან ძვრებს ვერც მიაღწიოს, თუმცა სწორედ მისი დამსახურებით ეკოლოგიის პრობლემებზე ასიათასობით ახალგაზრდა დაფიქრდა და ამ თემამ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების პირველ გვერდებზე გადაინაცვლა.

ახალგაზრდობის ჩართულობის მასშტაბებმა ისეთ ციფრებს მიაღწია, რომ ხელისუფლებამ სცადა, ეს აქტივობა გარკვეული “გარე ძალებისთვის” დაეკავშირებინა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ეკოპროტესტები რუსეთის ჰიბრიდული ომის კონტექსტში მოიხსენია, რითაც საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია. მოგვიანებით მას ნათქვამის განმარტება მოუწია: “ეს იყო ინტერნეტში მობილიზების მაგალითი, ისე კი აქტიურ ახალგაზრდობას მხარს ვუჭერო”.

«იმედი მაქვს, მერკელს არ უგულისხმია, რომ რუსეთის ჯაშუშები ვართ. შესაძლოა, უბრალოდ ცუდი თარგმანი  იყო, რადგან ეს აბსურდულად ჟღერს», — მხრები აიჩეჩა ამის კომენტირებისას თავად გრეტამ.

ბელგიაში კი ეკოლოგიის მინისტრ ჟოკე შოვიგლეს საერთოდაც გადადგომა მოუწია მას შემდეგ, რაც მოწაფეებსა და სტუდენტებს “გამცდენები” უწოდა და უშიშროების მონაცემების მოშველიებით განაცხადა, რომ კლიმატური დემონსტრაციები უბრალოდ სოლიდარობის  სპონტანური აქციები არ არის”. მოგვიანებით უშიშროებამ განაცხადა, რომ მინისტრისთვის მსგავსი მონაცემები არმიუწიდებია.

გრეტამ არც ეს ბრალდებები დატოვა უპასუხოდ. «ისინი სასოწარკვეთით ცდილობენ ყურადღების სხვა თემებზე გადატანას, არ სურთ კლიმატურ კრიზისზე საუბარი, რადგან იციან, რომ ამ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებენ – ვერ შეასრულეს საშინაო დავალება», - განაცხადა მოზარდმა ევროპის სოციალურ-ეკონომიკურ კომიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე (მის მსმენელებს შორის იყო ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერიც).

16 წლის ასაკში გერმანიის კანცლერთან პოლემიკაში ყოველი მეორე როდი შედის და როდი იღებს აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ბარაქ ობამას მხარდაჭერასა და ნობელის მშვიდობის პრემიაზე ნომინირებას.

გრეტა ტუნბერგი ამ წუთებშიც იბრძვის არა მარტო ეკოლოგიისთვის, არამედ ბავშვთა უფლებისთვისაც, ისაუბრონ იმაზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია და მათი ხმა გაგონილ იქნას:

«მე მხოლოდ და მხოლოდ დესპანი ვარ და მაინც, მთელი სიძულვილი ჩემკენაა მომართული. არადა, ახალს არაფერს ვამბობ, - მხოლოდ ვიმეორებ იმას,  რასაც მეცნიერები უკვე ათწლეულებია, ამბობენ. გეთანხმებით: ჯერ მეტისმეტად პატარა ვარ ამ საქმიანობისათვის. მაგრამ ვინაიდან არავინ არაფერს აკეთებს და ჩვენი მომავალი საფრთხეშია, ვგრძნობთ აუცილებლობას,  განვაგრძოთ». 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp