დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. კერძოდ, უწყების ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულში გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი მაღალია. დაავადებების მიზეზი კი უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებასა და არასწორად მომზადებული ან შენახული საკვების მიღებას.

ამასთან, მისი თქმით, განსაკუთრებით რისკჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები.

ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაა, გრილი წყლით ხელების ხშირი დაბანვა, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის ხშირი განიავება.

„თანდათან იმატებს გარემოს ტემპერატურა, რაც ჯანმრთელობისთვის რისკის ფაქტორია გარკვეული დაავადებების გამწვავების თვალსაზრისით, მათ შორის არაინფექციური, ასევე ინფექციური დაავადებების.  მეორე მხრივ, სითბური ტალღის მიღების შედეგად შეიძლება, განვითარდეს სხვადასხვა დაავადება, როგორც ბავშვებში, ისე ხანდაზმულებში, მაგრამ ყველაზე მოწყვლადი არიან ხანდაზმულები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები – გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადებები.

ძირითადი რეკომენდაციაა, გრილი წყლით ხელების ხშირი დაბანა, ხშირად გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით თუ ტემპერატურა იქნება 25, 28, 29 გრადუსზე ზემოთ. განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ტემპერატურა სახლის შიგნით 32 გრადუსზე მაღალია. ამ დროს როგორც სამუშაო, ისე საცხოვრებელ ადგილზე შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. ხაზს ვუსვამ, რომ  მომატებულ ტემპერატურას და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ მოხუცებმა და ბავშვებმა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp