"არ მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ სხვა ხასიათზე გაიღვიძებს რუსეთის პრეზიდენტი"

ნამდვილად არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ ხვალ სხვა ხასიათზე გაიღვიძებს რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ ვფიქრობ, ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული, რომ სასამართლომ  პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს და აღსრულდეს მისი გადაწყვეტილება, – ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც „რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმეზე” საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„სამწუხაროდ, სამთვიან ვადაში რუსეთის ფედერაციამ, ის ვალდებულება,  რომელიც მას სასამართლომ დააკისრა კომპენსაციის გადახდის სახით, არ შეასრულა. მან არ შეასრულა არაერთი სხვა საერთაშორისო ვალდებულებაც, მათ შორის სამართლებრივი. ახლა სასამართლო იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და უკვე ქართული მხარის თხოვნით მისცა მსვლელობა საქმეს, ჩანიშნა დებატები უახლოეს სხდომაზე.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სივრცეში, მათ შორის სამართლებრივში, პოლიტიკურსა  და დიპლომატიურში, ის საკითხები, რომლებიც აქტუალურია და უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ამ შემთხვევაში, დეპორტირებულების საქმეს, იყოს ყველა პლატფორმაზე დაყენებული. მნიშვნელოვანია, გამოყენებული იყოს აბსოლუტურად ყველა ბერკეტი, რადგან რუსეთი არღვევს ნორმებს.

საქართველომ, საერთაშორისო თანამეგობრობამ და სამართლებრივმა ინსტიტუტებმა უნდა გასცენ პასუხი, რომ ასეთი დარღვევები მიუღებელია”, – აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და უახლოეს სხდომაზე  გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განიხილავს  რუსეთიდან დეპორტირებულების საქმეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი