ბოკერია – ოქრიაშვილს: "პრინციპები არ გაგაჩნიათ"

ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაა, როცა ვინმე ჰესების მშენებლობის დემონიზებას ახდენს. გიგა ბოკერიამ საქართველოში ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, რომელზეც დეპუტატები ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას უსმენენ.

„უნდა გავიხსენოთ, რასაც ამბობდით. დიდი ჰესების მშენებლობა უნდა აიკრძალოს, რადგან ეროვნული წიაღის განადგურება არისო. ამ პოზიციას, როგორც ოპოზიცია არ ვიზიარებთ, ასეთი მოქცევა ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაა“, – აღნიშნა ბოკერიამ, რომლის საპასუხოდ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ჰესების დემონიზება სწორი არ არის.

ამასთან, გიგა ბოკერიას განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილიც გამოეხმაურა.

„აკრძალულია კარგი სახელმწიფო მოხელე იყო და უპარტიო? ხვალ რომელიმე პარტია მოვიდეს, ეს ადამიანი უმუშევარი უნდა დარჩეს?“, – მიმართა ბოკერიას ოქრიაშვილმა.

თავის მხრივ, ოქრიაშვილს ბოკერია გამოეხმაურა.

„თქვენ ჯერ შავ გოგიაზე ღელავდით და ახლა მინდა, განგიმარტოთ. მინისტრის მოადგილე და მინისტრი არ არიან სახელმწიფო მოხელეები, ეს პოლიტიკური ფიგურაა. კარგი მოხელე ერთი მთავრობიდან მეორეში უნდა გადადიოდეს. მას სისხლიან რეჟიმს არ უნდა აძახებდნენ, არ უნდა იჭერდნენ და დაკითხვაზე არ უნდა დაჰყავდეთ. ეს ეხება „ქართულ ოცნებას“ და მომავალში ეს არ უნდა მოხდეს.

თუ პოლიტიკურ ფიგურას შეხედულებები არ გააჩნია და ერთი ხელისუფლებიდან მეორეში გადადის, ეს პრობლემაა, მაგრამ მისი არჩევანია. ვინც იმ შავბნელ პერიოდს აფასებთ, როგორც ქვეყნის აღსასრულს, თქვენთვის პრობლემა უნდა იყოს იმის მიღება, ვინც მაშინ პოლიტიკური ფიგურა იყო, მაგრამ თქვენ ის ფიგურები გაწუხებთ, ვინც დღეს დისკომფორტს გიქმნიან, რადგან თქვენ პრინციპები არ გაგაჩნიათ“, – განაცხადა ოქრიაშვილის საპასუხოდ ბოკერიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp