გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდა.


კერძოდ, გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამასთან, შსს ინფორმაციას ავრცელებს თბილისსა და შიდა ქართლში მოსული ძლიერი წვიმის შედეგების შესახებ.

„ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სამსახურში 25 შეტყობინებაა შემოსული. შეტყობინებების უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს უბნებს უკავშირდება. ყველა გამოძახების ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სამუშაოები.

ასევე, ძლიერი წვიმა მოვიდა შიდა ქართლის რეგიონში. სულ საგანგებო სიტუაციების სამსახურში შემოვიდა 20 შეტყობინება, ძირითადად დატბორილი იყო ქუჩები, ყველა მათგანზე რეაგირება უკვე მოახდინეს მაშველებმა. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში წვიმის შედეგად გზაზე ჩამოიშალა ქვიშა, შესაბამისი სამსახურების მიერ გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა“, – აცხადებენ შსს-ში.





Facebook Twitter Email Viber WhatsApp