თბილისი პრაიდის საერთაშორისო პეტიცია:მოვთხოვოთ მთავრობას, დაიცვას ადამიანის უფლებები

LGBT პირთა უფლებების დამცველმა მოძრაობამ All Out-მა თბილისი პრაიდთან დაკავშირებით საერთაშორისო პეტიცია გამოაქვეყნა. პეტიციის ავტორები თბილისის პრაიდის ორგანიზატორები არიან. ისინი საქართველოს მთავრობას თბილისი პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ და ხელმოწერებს აგროვებენ.

მოძრაობის გვერდზე წერია, რომ ივნისის თვეში პირველად ადგილობრივმა აქტივისტებმა თბილისში პრაიდი დაგეგმეს. მათივე ცნობით, ეს არის დიდი შესაძლებლობა აჩვენო საზოგადოებას, რომ LGBT+ ადამიანები არსებობენ და ითხოვენ თანაბარ უფლებებს ქვეყანაში, სადაც ჰომოფობია და ადამიანებზე თავდასხმა სექსუალური ორიენტაციის გამო ისევ პრობლემაა.

"პრაიდის კვირეულის დაანონსების შემდეგ რადიკალურმა ჯგუფებმა ძალადობის შემცველი მუქარები გაავრცელეს. პასუხად, საქართველოს მთავრობამ, უთხრა პრაიდის ორგანიზატორებს, რომ გააუქმონ მარში და უარი უთხრა მათ დაცვაზე, მაგრამ პრაიდს უკან არ დაუხევია", — ვკითხულობთ პეტიციის გვერდზე.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს პრაიდის მშვიდობიანად ჩატარება.

"დაგვეხმარეთ, რომ დავარწმუნოთ პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი დაიცვას თბილისში დაგეგმილი პირველი მარში", — ნათქვამია პეტიციაში.

31 მაისს თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ ღირსების მარშის ჩასატარებლად დახურული სივრცე შესთავაზა. ამ დახურულ სივრცეში კი საკლუბო სცენა ან სტადიონი მოიაზრებოდა. მათი თქმით, უსაფრთხოების ზომებსა და გეგმებზე საუბრის ნაცვლად შსს-ს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ პრაიდის კვირეულის ღონისძიებების დაცვა შეუძლებელი იქნება.

"ეს დამოკიდებულება გვინდა შევაფასოთ, როგორც საბაზისო, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შელახვა. კერძოდ, შეკრების, მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება, ვაპირებთ მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს", — თქვა თბილისი პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ კვარაცხელიამ.

თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი დაიგეგმა. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება დაბოლოს ღირსების მარში გაიმართება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 16 სექტემბერს