შალვა შავგულიძე: "ასაღიარებელი და მისალოცი არაფერია"

პარლამენტის წევრი გახდება ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი, მაგრამ ასაღიარებელი და მისალოცი აქ არაფერია, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.

„თვალს ვუსწორებთ იმ ფაქტს, რომ არჩევნების შედეგი დადგა და ეს შედეგი მოქმედებაში იქნება. პარლამენტის წევრი გახდება ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი, მაგრამ ასაღიარებელი და მისალოცი აქ არაფერია. დემოკრატიისათვის ისეთი მიუღებელი მეთოდებით ჩაატარა ხელისუფლებამ ეს არჩევნები და მიაღწია ამ შედეგს, რომ პარლამენტის კიდევ ერთი წევრი გაეყვანა ამ მეთოდებით, რომ ეს არ არის გამარჯვება და შესაბამისად, ვერ მივულოცავთ ვერავის”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ მოემზადებიან მომდევნო არჩევნებისთვის, და ხელისუფლებას არჩევნების გზით შეცვლის.

„თავისუფალი დემოკრატები” და „ევროპული საქართველო” გავაგრძელებთ პარტნიორულ თანამშრომლობას. უფრო ინტენსიურს და მჭიდროს გავხდით ურთიერთობებს ხალხთან, საზოგადოებასთან. გავაგრძელებთ კოორდინაციას დასავლური ორიენტაციის სხვა პოლიტიკურ ძალებთან და მოვემზადებით მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და სწორედ არჩევნების გზით შევცვლით შევცვლით ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მის კეთილ მომავალს”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური 31 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 18 უბნის დათვლის შემდეგ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ 62.19% მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ – 37.81%.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp