ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მმართველი პარტია დამარცხდა

ახალგორის ოკუპირებული რაიონის ქართველებით დასახლებულ ნაწილში ოსური ე.წ. პარლამენტის დე ფაქტო მაჟორიტარი დეპუტატი დამოუკიდებელი კანდიდატი ზაზა დრიაევი გახდა. მან 298 ხმა მიიღო.  

ზაზა ნოდარის ძე დრიაევი 1971 წლის 25 ნოემბერს  ქობულეთის რაიონში, მუშების ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით ოჯახი დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალში გადავიდა საცხოვრებლად. ზაზა დრიაევმა იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ იმსახურა საბჭოთა ჯარში, კონფლიქტის პერიოდში შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებმა დრიაევს დუშეთის რაიონში ეროვნებით ოსი დედა მოუკლეს. ომის შემდეგ ზაზა დრიაევი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ ჩამოსულა. 1999 წელს მან თიბილოვის სახელობის ოსური უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი დაამთავრა, გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა რუსეთში, შემდეგ დაბრუნდა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში. 2017 წლის თებერვალში,  დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში იმხანად დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ზაზა დრიაევი ახალგორის ოკუპირებული რაიონის გამგებლად დანიშნა. თუმცა მას ორიოდე თვის განმავლობაში მოუწია მუშაობა და იმავე წლის 9 აპრილს, როდესაც თიბილოვმა არჩევნები წააგო, ზაზა დრიაევი თანამდებობიდან გადადგა. 

რაც შეეხება მის მეტოქეებს, კანდიდატი სახელისუფლებო პარტია „Единая Осетия”-დან სპარტაკ დრიაევი, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ხრიკების გამოყენების მიუხედავად, 214 ხმას დასჯერდა, ხოლო ოპოზიციონერი კანდიდატი დე ფაქტო ექს–პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის პოლიტიკური ძალიდან - მხოლოდ 50 ხმას.

მმართველმა პარტიამ დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები ჯავაშიც წააგო. სხვა ყველგან, დე ფაქტო ცსკ-ის მონაცემებით, მმართველი ძალა მოგებულია. 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო პირველი დე ფაქტო არჩევნები, რომელიც შერეული  - მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდა.

საარჩევნო დღეებისთვის ცხინვალმა დე ფაქტო საზღვარი ჩაკეტა, იგი ხვალ, დილის 6 საათიდან გაიხსნება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp