ნატო-თურქეთი-რუსეთი: ვის აირჩევს ანკარა?

თურქეთისა და მისი ნატო-ელი მოკავშირეების დავის ფონზე გუშინ განსაკუთრებული ყურადღების ობიექტად იქცა შეხვედრა, რომელიც მოსკოვში რუსეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის გაიმართა. მისი დასრულების შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთისაგან S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვაზე უარის თქმას არ აპირებს, ვლადიმირ პუტინმა კი S-400-ის შესახებ კონტრაქტს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის კუთხით „მთავარი პრიორიტეტი“ უწოდა და იქვე ისიც დასძინა, რომ შეიარაღების სფეროში მზადდება სხვა შეთანხმებებიც.

მოსკოვში ერდოღანის წელს უკვე მესამე ვიზიტს ფონად სდევდა დაძაბულობა თურქეთის ნატო-ელ მოკავშირეებთან. მიზეზი ანკარის სწორედ ეს გადაწყვეტილებაა: რუსეთისგან შეისყიდოს სისტემები, რომელიც შეუთავსებელია ნატო-ს სისტემებთან და მიჩნეულია საფრთხედ ამერიკული წარმოების F-35 საბრძოლო თვითმფრინავებისთვის.

„თურქეთმა უნდა  აირჩიოს, დარჩეს ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად, ან რისკის ქვეშ დააყენოს ეს პარტნიორობა მსგავსი უგუნური გადაწყვეტილებებით, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს ალიანსს“, – განაცხადა ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა მაიკ პენსმა.

ანკარამ და მოსკოვმა ბოლო წლებში მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს. პარალელურად უარესდება თურქეთის ურთიერთობა ვაშინგტონსა და ევროკავშირთან.

ამ დაძაბულობის ფონზე ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე არ გამორიცხავს, რომ ნატო–დან თურქეთის გასვლის საკითხი დადგეს დღის წესრიგში, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ თურქეთისთვის ნატო უალტერნატივოა:

„თურქეთ-ამერიკის დაძაბულობა არ იხსნება და თუ ასეთი რიტორიკა გაგრძელდა, გამორიცხული არ არის, ნატოში თურქეთის წევრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ერდოღანმა მინიშნებები გააკეთა, რომ თუ თურქეთისადმი აშშ-ის მსგავსი დამოკიდებულება გაგრძელდა, ანკარას სხვა მოკავშირეების ძებნა მოუწევს. ორ სახელმწიფოს შორის ბევრი პრობლემაა: გიულენის გადმოცემის მოთხოვნა, ქურთული საკითხი, ახლო აღმოსავლეთში რუსეთ-თურქეთ-ირანის მჭიდრო თანამშრომლობა, რუსეთთან დაახლოება, განსაკუთრებით - სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის მიმართულებით, რაც აშშ-ისა და მთლიანად ნატო–სთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია. მიუხედავად ამერიკის მოთხოვნისა, ერდოღანმა რუსული S-400-ების შეძენა გადაწყვეტილად გამოაცხადა. საპასუხოდ აშშ მას თვითმდრინავების შეძენის დაბლოკვით ემუქრება. ამ ფონზე  მხოლოდ 2019 წლის სამ თვეში ერდოღანი და პუტინი მესამედ ხვდებიან ერთმანეთს. რუსეთ-თურქეთის დაახლოება დასავლეთისთვის განსაკუთრებით დამაფიქრებელია შავ ზღვაზე რუსეთ-ნატოს გააქტიურების ფონზე. ჯერ არავის გაუჟღერებია, მაგრამ ვფიქრობ, ნატო–ს ან აშშ-ს მოუწევთ, შავ ზღვაზე რომელიმე წევრი ან პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მზარდი პოტენციალის საპირწონედ სამხედრო საზღვაო ბაზა ააშენოს. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ პარტნიორებთან დაკავშირებით ერდოღანის განცხადება მხოლოდ სიტყვიერი მუქარაა, რადგან თურქეთი ნატო–ს გარეშე არ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც ახლაა და როგორც შავ ზღვაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში დაკარგავს გავლენებს. მის უკან აღარ იდგება ნატო, შესაბამისად, დარჩება რუსეთის და სხვა მოკავშირეების სანდოობის იმედად, ხოლო რამდენად სანდოა რუსეთი და რამდენად შეაჯერებენ ანკარა და მოსკოვი გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს, თურქეთის ხელმძღვანელობის შესაფასებელია. ვფიქრობ, თურქეთისთვის ნატოს ალტერნატივა არ აქვს“.

მსგავსი სურათის ახლო ან საშუალოვადიან პერსპექტივაში დადგომას არ ელის რონდელის ფონდის მკვლევარი დავით ბატაშვილიმისი შეფასებით, ეს არც თავად თურქეთის და არც აშშ–ის ინტერესებში შედის:

„თურქეთისთვის ნატო–ს წევრობა მნიშვნელოვანი დამხმარე ფაქტორია საგარეო პოლიტიკის წარმოებისას. მაგალითად, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების მსგავსი ინციდენტის დროს უკეთესია, როდესაც ნატო–ს წევრი ხარ. საკუთარი ტერიტორიის უსაფრთხოების ფორმალური გარანტია მნიშვნელოვანი რამ არის. თურქეთის სრული "დაკარგვა" არც აშშ–ს აწყობს. ორივე მხრიდან ამჟამინდელი ცუდი ურთიერთობა შეიძლება, დროებითი აღმოჩნდეს. არც ერთ მხარეს არაფერში სჭირდება ამ ვითარების თურქეთის ნატო–დან გასვლით გართულება“.

საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე კი რუსეთ–თურქეთის ურთიერთობების გაუარესებას მოელის. მართალია, ვლადიმირ პუტინმა ერდოღანთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „რუსეთი და თურქეთი სირიაში მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას არ დაიშურებენო“, მაგრამ გობრონიძე დაძაბულობას სწორედ ახლო აღმოსავლეთში გავლენების გადანაწილების პერიოდისთვის პროგნოზირებს:   

„უნდა გვახსოვდეს რუსეთ–თურქეთის ურთიერთობების სპეციფიკა: მსგავსი დათბობები არ არის მუდმივი და ძალიან მალე, როგორც კი საქმე შეეხება ახლო აღმოსავლეთში გავლენების გადანაწილებას, მომსწრენი გავხდებით იმისა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ძალიან გაფუჭდება. დღეს თურქეთს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, სადღაც ძლიერი მოკავშირე სჭირდება. ევროპაში, რბილად რომ ვთქვათ, ერდოღანის არ ესმით, რუსეთი კი არავისგან ითხოვს დემოკრატიის არანაირ სტანდარტს და ამიტომ ჰყავს ის მოკავშირეები, რომლებიც ჰყავს. თურქეთში დემოკრატიის ერთგვარი რევერსია ერდოღანს უბიძგებს, რუსეთთან პარტნიორობის ინტენსიფიკაცია მოახდინოს, მაგრამ როგორც კი დადგება კონკრეტული, გაზომვად–აწონადი ინტერესების საკითხი, როგორც ვთქვი, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების ძალიან გაუარესების მომსწრენი გავხდებით და ეს კარგად ესმით ანკარაში. ისინი ალბათ, იმასაც ხედავენ, რომ რუსეთი თურქეთს რეგიონში საფრთხედ და გამოწვევად განიხილავს“.

რაც შეეხება ნატო-თურქეთის ურთიერთობებს, გობრონიძის შეფასებით, თურქეთი მუდმივად ატარებდა დამოუკიდებელ ხაზს:

„ნატო–თურქეთის ურთიერთობებში იყო გამოწვევები, თუმცა საბოლოო ჯამში, შეთანხმებამდე მიდიოდნენ. არ ველი, რომ უახლოეს პერიოდში თურქეთის ნატო–დან გასვლის საკითხი დადგეს დღის წესრიგში, რადგან იგივე რუსეთთან ურთიერთობების დადებითი დინამიკის ერთ–ერთი გარანტორი ისიც არის, რომ თურქეთი ნატო–ს წევრი სახელმწიფოა. გავიხსენოთ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტი: მაშინ პირველივე გზავნილი, რომელიც რუსეთმა ნატო–სგან მიიღო, იმაში მდგომარეობდა, რომ თუ რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ მოქმედებების დაწყებას გაბედავდა, ნატო თურქ მოკავშირეებს დაიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი თავად არის ნატო–ში აშშ–ის შემდეგ მეორე არმია, უსაფრთხოების ეს ქოლგა მას ძალიან სჭირდება, - თუნდაც იმისთვის, რომ გარკვეული სამხედრო რისკებისგან დაიზღვიოს თავი. რაც არ უნდა ბევრი შეიარაღება იყიდოს მან რუსეთისგან, რუსეთზე დამოკიდებულება თურქეთის სამხედრო ინტერესში არ შედის: როგორც არ უნდა განვითარდეს მათი ურთიერთობა, ახლო აღმოსავლეთში, კავკასიის რეგიონში და შავი ზღვის აუზში ისინი მეტოქეები არიან“.

რაც შეეხება საქართველოს ინტერესებს, როგორც გობრონიძე ამბობს, ნატო–სთვის თურქეთთან ერთად საქართველოს ფასი გაცილებით მაღალია:  

„თუ ნატო-ს სჭირდება უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და გაძლიერება შავი ზღვის აუზში, თურქეთთან ერთად ჩვენი ფასი გაცილებით მაღალია. რადგან თეორიაში, თურქეთი რომ არ იყოს ნატო–ს წევრი სახელმწიფო, რითია ნატო შავ ზღვაში წარმოდგენილი? – ბულგარეთით და რუმინეთით... გამოვიდეთ ძალთა ბალანსის ტრივიალური მოსაზრებიდან: როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ვითარებაში ნატო–მ მოახდინოს ძალთა დაბალანსება ცალკე თურქეთთან, რომელიც შავ ზღვაში პირველი ფლოტია და ცალკე რუსეთთან, რომელიც შავ ზღვაში მეორე ფლოტია?! ბულგარეთისა და რუმინეთის საზღვაო ძალები ამას ნამდვილად ვერ შეძლებენ“.  

 
Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"