"ქართული ოცნება" გუნდის განახლებას იწყებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამეს და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე. 

„სხდომაზე ასევე ვიმსჯელეთ სამომავლო პროექტებსა და მიმართულებებზე. ეს პასუხისმგებლობა შუალედური არჩევნების შემდეგ ჩვენთვის კიდევ უფრო ძლიერია, ასევე, ეს მოტივაცია, რომელიც მიიღო თითოეულმა ჩვენმა თანაგუნდელმა, აუცილებლად იქნება ჩვენი მხრიდან გამოყენებული, რომ კიდევ ერთხელ გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა დედაქალაქსა და რეგიონებში.

რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, რომელზეც დეტალურად ვიმსჯელეთ, ძალიან მნიშვნელოვანი დრო და ენერგია დაიხარჯება რეგიონებშიც. თითოეული დეპუტატი, მაჟორიტარი, მთავრობის წევრები ერთად გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან და გადავჭრით ყველა იმ საკითხს, რომელზეც შუალედურ არჩევნებზე იყო საუბარი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 2020 წლისთვის საზოგადოების წინაშე განახლებული პოლიტიკური პროგრამითა და გუნდით წარდგება.

„როგორც იცით, მუშაობა დაწყებული გვაქვს ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე, ასევე დაწყებულია კონსულტაციები, რაც ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, 2020 წლისთვის მოგვცემს იმას, რომ „ქართული ოცნება“ განახლებული პოლიტიკური პროგრამითა და გუნდით წარდგება საზოგადოების წინაშე. თითოეული ჩვენი თანაგუნდელი თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს  მომავალ პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხვდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის: შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp