ტკიპების სეზონი გააქტიურდა: ინფექციონისტის რეკომენდაციები

თბილი ამინდების დადგომასთან ერთად ტკიპების სეზონიც გააქტიურდა. ამ შემთხვევაში პრობლემურია ის, რომ ტკიპა შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების გადამტანი აღმოჩნდეს, მათ შორის ბორელიოზის, ყირიმ–კონგოს ცხელების და ა.შ.

"როგორც კი თბება, ტკიპებს გადააქვთ სხვადასხვა დაავადებები. რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ფრთხილად", - გვირჩევს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

ყველაზე ხშირად სად ვხვდებით დაავადებულ ტკიპებს  

ინფექციონისტ ლია გოლიაძის ცნობით,  ტკიპები ძირითადად ბინადრობენ ტყეში, ნესტიან ადგილებში, მაღალ ბალახებში. მათ ძალიან კარგად აქვთ განვითარებული ყნოსვა, შესაბამისად, იქ იყრიან თავს, სადაც ცხოველები და ადამიანები ყველაზე ხშირად მოძრაობენ. ტკიპა განსაკუთრებით სახიფათოა ისეთ ადგილებში, სადაც ნესტი და ბალახი ერთადაა. როგორც ინფექციონისტი ამბობს, თბილისის მასშტაბით მომართვიანობა განსაკუთრებით მაღალია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე კუს ტბიდან. რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, დაავადებული ტკიპები ბინადრობენ განსაკუთრებით ბორჯომის ხეობასა და ქართლში: სურამში, ხაშურში – სადაც მეცხოველეობაა განვითარებული.

როგორც ინფექციონისტი ამბობს, შესაძლოა, ტკიპას მიერ დაკბენილი ცხოველიც აღმოჩნდეს დაავადების გადამტანი იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ამ ცხოველის მაგალითად, რძის პროდუქტს მიიღებს.

ინფექციონისტის რეკომენდაციები

გოლიაძე გვირჩევს, რომ სასურველია, ზემოაღნიშნულ ადგილებში სეირნობის შემდეგ დეტალურად დათვალიერდეს როგორც ბავშვის, ისე მოზარდის სხეული. ტკიპას ეძებს შიშველ ადგილს, თუმცა შესაძლოა, ტანისამოსზეც აგვაცოცდეს. ის ეძებს თხელ კანს და ეტანება შესაბამის ადგილებს: იღლიებს, საზარდულის არეს, მუხლის უკანა ზედაპირს. ტკიპა ნაზ კანს „ხორთუმით“ ხვრეტს, თავით ერჭობა და სისხლს წოვს.

როდესაც ტკიპას აღმოვაჩენთ, უპირველესად, ის უნდა მოვაშოროთ, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ ცოცხალი და დაუზიანებელი ამოვიყვანოთ. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, კანში ტკიპას თავი ჩარჩეს, სადაც არის სანერწყვე ჯირკვლები და ინახება სხვადასხვა პათოლოგიის გამომწვევი მიკრობები.

„იყიდება ტკიპას ამომღები სპეციალური ხელსაწყოები და თუ ისეთ ადგილას ხართ, რომ ვერ მიმართავთ სამედიცინო დაწესებულებას, შეგიძლიათ, ეს ხელსაწყო გამოიყენოთ: ღრმად უნდა მოვეჭიდოთ ტკიპას და კი არ ამოვგლიჯოთ, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით დავატრიალოთ და ტრიალით ამოვიყვანოთ“,– გვირჩევს ინფექციონისტი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp