ოკუპირებულ ახალგორში არჩეულ დე ფაქტო მაჟორიტარს 1990-იანებში ქართველებმა დედა მოუკლეს

ახალგორის ოკუპირებული რაიონის ქართული მოსახლეობით დასახლებულ ნაწილს ოსურ დე ფაქტო პარლამენტში მაჟორიტარად ზაზა დრიაევი ეყოლება – ადამიანი, რომელსაც 1990-იან წლებში ქართული შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა სასტიკად მოუკლეს დედა.

სწორედ დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზაზა დრიაევმა გაიმარჯვა ახალგორის რაიონის ორი საარჩევნო ოლქიდან ერთში - #16-ში, რომელიც უმთავრესად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული.

წინასაარჩევნოდ ზაზა დრიაევს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ - «ნიხასმა» დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ფრაქციის ჩამოყალიბების შემთხვევაში ოსურ დე ფაქტო პარლამენტში მას, დიდი ალბათობით, «ნიხასთან» ერთად ვიხილავთ.

ახალგორელებმა ზაზა დრიაევი 2017 წლის დასაწყისში გაიცნეს: თებერვალში,  დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში იმხანად დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა იგი ახალგორის რაიონში გამგებლად დანიშნა. და მართალია, ამ თანამდებობაზე ზაზა დრიაევმა მხოლოდ ორი თვე დაჰყო (იმავე წლის 9 აპრილს, როდესაც თიბილოვმა არჩევნები წააგო, ზაზა დრიაევი თანამდებობიდან გადადგა), მან ადგილობრივებში პატივისცემის მოპოვება მოასწრო.  

როგორც «აქცენტს» ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა უამბო, მიუხედავად დიდი ტრავმისა და ტკივილისა, რომელიც დრიაევების ოჯახს 1990-იან წლებში ქართული შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებმა მიაყენეს, ზაზა დრიაევს ახალგორელი ქართველების მიმართ მტრული დამოკიდებულება არასოდეს გამოუმჟღავნებია, წინასაარჩევნო შეხვედრებზეც ხალხს ქართულად ესაუბრებოდა და 2017 წელსაც, თანამდებობაზე ყოფნის ხანმოკლე პერიოდში ადგილობრივების მიმართ გულისხმიერებას იჩენდა.

«ზაზას წარსულში უარყოფითი არაფერი მოიპოვება. მისი ოჯახი ჯერ  ქობულეთში სახლობდა, შემდეგ – ჟინვალში. ზაზას სკოლაც იქ აქვს დამთავრებული, იქ ჰყავს კლასელები, მეგობრები, ნათესავები. დღესაც ქართულად აზროვნებს, საუბრობს... და ეს – მიუხედავად იმ უმძიმესი ტრაგედიისა, რომელიც 1990-იანებში გადაიტანა: ქართული შეიარაღებული ფორმირების წევრებმა, როგორც სჩვეოდათ, ავტობუსი გააჩერეს, რომლითაც ზაზას დედა, გვარად გაგლოევა მგზავრობდა. შემოწმებისას ოსური გვარის აღმოჩენის შემდეგ ქალბატონი მოკლეს. გადმოცემით ვიცი, რომ ოჯახს ცხედარი ყელგამოჭრილი და თვალებდათხრილი  მიუსვენეს... ეს ქალი დღესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა დაკრძალული, მაგრამ ოჯახმა მაშინ იქაურობა სასწრაფოდ დატოვა და როგორც ვიცი, ზაზა იქ აღარ ჩასულა, ყოველ შემთხვევაში, ბოლო წლებში მაინც. მიუხედავად ამისა, ზაზას ქართველების მიმართ უარყოფითი განწყობა, აგრესია არ აქვს. 2017 წელს, როცა ჩვენთან იყო გამგებლად და ერთ–ერთ ქართველ ბავშვს ლეიკემია აღმოაჩნდა, სწორედ ზაზამ ითავა მისთვის თანხების შეგროვება“ - აღნიშნა მეარაყიშვილმა.

თამარი არ მალავს, რომ მისთვის ამ დე ფაქტო არჩევნებზე მთავარი იყო, არ გაემარჯვა სახელისუფლებო კანდიდატ სპარტაკ დრიაევს: გაუნათლებელი, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე ეს ადამიანი ხომ მომჩივანია მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სამივე საქმეში და მიუხედავად მტკიცებულებების არარსებობისა, დღემდე ღიად ითხოვს თამარის «უმკაცრესად დასჯას».

«2017 წელს ზაზა დრიაევის ორთვიანი მუშაობა სადღეისოდ, ბუნებრივია, არავის ემახსოვრებოდა და ვერ განაპირობებდა დღეს მის გამარჯვებას, რომ არა სახელისუფლებო კანდიდატ სპარტაკ დრიაევის მიმართ ადგილობრივთა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება: საყოველთაოდ ცნობილია მისი კრიმინალური წარსული (სპარტაკ დრიაევი მკვლელობებისთვის, ყაჩაღობისთვის, გატაცებისთვის, ნარკო– და სხვა დანაშაულებისთვის იყო გასამართლებული), ასევე ის, რომ სპარტაკ დრიაევს, რომელიც წარმოშობით გორიდანაა, სკოლის ატესტატიც კი არ გააჩნია (მართალია, ცსკ–ის გვერდზე განთავსებულ მის ბიოგრაფიაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს მას სტავროპოლის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, თუმცა ეს ტყუილია, რადგან 2017 წლის აგვისტოში, როდესაც სპარტაკ დრიაევმა ჩემს წინააღმდეგ მისი სარჩელის საფუძველზე აღძრულ საქმეში გამოძიებას ჩვენება მისცა, მის მონაცემებში «დაუსრულებელი უნივერსიტეტი» იყო მითითებული)... ადგილობრივებს სპარტაკ დრიაევმა თავი, ერთადერთი, იმით დაამახსოვრა, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმეებშია მომჩივანიპირველი – ცილისწამების შესახებ საქმე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო უკვე ორი თვეა, დახურული უნდა იყოს და მიუხედავად იმისა, რომ დრიაევმა და მისმა თანაპარტიელებმა ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, საქმეს ამ  დრომდე არ ხურავენ, სპარტაკ დრიაევი კი დღემდე გამოდის მოსამართლის წინაშე განცხადებებით, «თამარი დამნაშავეა და უმკაცრესად უნდა დაისაჯოსო»... ამიტომ ძალიან მინდოდა, რომ ამ ადამიანს წაეგო და მივაღწიეთ კიდეც ამას» - განუცხადა «აქცენტს» თამარ მეარაყიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლება სპარტაკ დრიაევის გამარჯვების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ხრიკებს მიმართავდა, მათ შორის ბოლო მომენტში დაამზადებინა 128 ოსური ე.წ. პასპორტი, რომელიც ოკუპირებულ რაიონში მანამდე კარგა ხნის განმავლობაში აღარ რიგდებოდა, თუმცა სპარტაკ დრიაევს არც ამან უშველა.

«ეს პასპორტები რომ გამოეყენებინათ, სპარტაკ დრიაევი არჩევნებს მოიგებდა, თუმცა ეს ვერ მოახერხეს, რადგან დიდი ხმაური ატყდა. პროცესში ჩაერთვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები. მეც ვაქტიურობდი, არაერთგზის მივწერე პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სოციალურ ქსელში. ვეკითხებოდი, მე რომ თავის დროზე პასრპორტის გამო მიჩივლა სპარტაკ დრიაევმა, ეხლა რატომ გასცემენ წეროვანელებზე პასპორტებს, თანაც დასვენების დღეებში სპარტაკ დრიაევის და მისი თანამშემწის თადასწრებით-მეთქი?! საბოლოო  ჯამში, 128-დან სულ 25 პასპორტის გაცემა მოასწრეს და მათი მფლობელებიდანაც 19–მა ხმა ზაზა დრიაევს მისცა“ - დასძინა მეარაყიშვილმა.

ცნობისთვის: 9 ივნისს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ოს დე ფაქტო დეპუტატებს პირველად ირჩევდნენ შერეული - მაჟორიტარულ–პროპორციული სისტემით. კერძოდ, 34 მანდატიდან ნახევრის მფლობელები პარტიული სიებით აირჩიეს, მეორე ნახევარი – ერთმანდატიანი ოლქებიდან (დღემდე ე.წ საპარლამენტო არჩევნები პარტიული სიებით ტარდებოდა).

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ცსკ–ის მტკიცებით, ახალგორის რაიონის ქართველებით დასახლებული ნაწილისა და ჯავის რაიონის გარდა, ყველგან სახელისუფლებო პარტია «Единая Осетия»-მ და მისმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp